გიორგი მარგველაშვილი - სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობის და საპატრიარქოს ძალიან ნათელი განცხადებით საკითხი დაიხურა

გიორგი მარგველაშვილი - სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობის და საპატრიარქოს ძალიან ნათელი განცხადებით საკითხი დაიხურა

სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობის და საპატრიარქოს ძალიან ნათელი განცხადებით საკითხი დაიხურა, - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პატიმართა შეწყალების უფლების პატრიარქისთვის გადაცემის სურვილს.
"ამასთან ერთად, ჩვენ უკვე მერამდენედ ვნახეთ ჩვენი პოლიტიკოსების მიერ ქვეყნის და სახელმწიფოს მოწყობის ფუნდამენტური კანონების ბოლოდმე გაუაზრებლობამ როგორ შეიძლება შექმნას სირთულეები სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით. მგონი ამას უნდა დავაკვირდეთ", - განაცხადა მარგველაშვილმა გუშინ ჟურნალისტებთან საუბრისას. 
5 დეკემბერს უწმინდესმა საქართველოს პრემიერს თხოვნით მიმართა, ხელისუფლებამ განიხილოს პატრიარქისთვის მსჯავრდებულთა შეწყალების უფლების მინიჭების საკითხი. მოგვიანებით, პატრიარქის მიერ პატიმრების შეწყალების ინიციატივასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქომ განმარტება გააკეთა. 
"ა.წ. 5 დეკემბერს რუსთაველის თეატრში შედგა სპექტაკლი პატიმარი ქალების მონაწილეობით. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო თეატრის სცენა და დარბაზი მჯავრდებულებს დაეთმო. წარმოდგენაც და შექმნილი გარემოც მეტად ემოციური იყო; მისმა უწმინდესობამ სწორედ ამ ფონზე ბრძანა, რომ კარგი იქნებოდა, პატრიარქსაც ჰქონოდა პატიმრების შეწყალების უფლება. 
ეს იყო მათდამი სოლიდარობის, მათი დახმარებისა და თანადგომის სურვილით ნათქვამი აზრი და არა მოთხოვნა საკანონმდებლო დონეზე ამ წინადადების განხილვისა", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.