მთავრობას შესაძლოა ისეთ საქმიანობათა განსაზღვრის უფლებამოსილება მიენიჭოს, რომლის განხორციელების შემთხვევაში, პირებს შემოსავლის 3%-იანი ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრის რეჟიმის გამოყენების უფლება ექნება.
ეს ერთ-ერთი ინიციატივაა საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებათა შორის, რომელიც მთავრობის მიერ პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინა და რომელსაც მთავრობის მოთხოვნით, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. ამავე ცვლილებებით დღგ-სგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლების ახალი შემთხვევები განისაზღვრება.
ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა საკითხის კონსტიტუციასთან სავარაუდო შეუსაბამობაზე გაამახვილეს ყურადღება. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ტყემალაძემ განხილვაში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ჩართვა მოითხოვა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, "საკითხის განხილვაში არა მხოლოდ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის, არამედ იურიდიული სამყაროს ჩართვა გახდება საჭირო". უსუფაშვილის აზრით, აღნიშნული ინიციატივა მთავრობას პარლამენტისთვის ცალკე კანონპროექტად უნდა წარედგინა, რათა საკითხის განხილვა დაჩქარებული წესით არ მომხდარიყო.
"როდესაც საგადასახადო საკითხებში ამ დონის ჩარევა ხდება და არანაირი ეჭვი არა მაქვს, რომ ეს შეიძლება ცუდი ჩარევა იყოს, მას ყველა მხრიდან უნდა შეხედვა", - აღნიშნა უსუფაშვილმა.
თავის მხრივ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ განმარტა, რომ კომიტეტს ნორმის კონსტიტუციურობის საკითხზე მოუწევს მსჯელობა, თუმცა აღნიშნა ისიც, რომ რთულია იმის განსაზღვრა, რამდენად სწრაფად მოხერხდება დასკვნის მომზადება.
ცნობისთვის, საქართველოს კონსტიტუციით გადასახადებთან დაკავშირებული საკითხი მხოლოდ კანონით უნდა იყოს დადგენილი.