სომხეთში რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობამ საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლას დაუჭირა მხარი

სომხეთში რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობამ საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლას დაუჭირა მხარი

სომხეთში რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობამ საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლას დაუჭირა მხარი. ამ საკითხთან დაკავშირებით სომხეთში რეფერენდუმი გუშინ ჩატარდა.

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, კონსტიტუციურ ცვლილებას არჩევნებში მონაწილეთა 63,35%-მა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 32,35%.

რეფერენდუმის ოფიციალური შედეგები 13 დეკემბერს გამოქვეყნდება.

სომხეთის პარლამენტმა მიმდინარე წლის ოქტომბერში საკონსტიტუციო რეფორმების ის პაკეტი დაამტკიცა, რომელიც ქვეყნის საპარლამენტო სისტემაზე ფაქტობრივ გადასვლას გულისხმობს.

საკონსტიტუციო რეფორმების თანახმად, სომხეთის პრეზიდენტს 5-ის ნაცვლად 7 წლით, დეპუტატები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები აირჩევენ. პრეზიდენტი არ უნდა იყოს რომელიმე პარტიის წევრი და მას, პოსტის დაკავება მხოლოდ ერთხელ შეუძლია. პრეზიდენტს ასევე, უფლებამოსილება ეძლევა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი წარადგინოს.

ხელისუფლების აღმასრულებელი ორგანო მთავრობა იქნება, რომელიც შეიმუშავებს და გაატარებს შიდა და საგარეო პოლიტიკას. სომხეთის შეიარაღებული ძალები ასევე მთავრობის დაქვემდებარებაში გადავა, ქვეყნის მთავარსარდალი კი, ომის დროს პრემიერ-მინისტრი იქნება.