ჟინვალის მიმდებარე ტერიტორიაზე სატვირთო მანქანების რიგი დგას

ჟინვალის მიმდებარე ტერიტორიაზე სატვირთო მანქანების რიგი დგას

უამინდობის გამო ჟინვალიდან გუდაური-კობის მიმართულებით სატვირთო მანქანები გადაადგილებას ვერ ახერხებენ. შედეგად, ჟინვალის მიმდებარე ტერიტორიაზე ათეულობით სატვირთო მანქანაა გაჩერებული. 
როგორც ტრაილერის მძღოლები აცხადებენ, ადგილზე 4-5 დღეა დგანან და ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმართულებით ვერ მიდიან.
მათივე თქმით, მანქანები რუსეთში გასატანი მალფუჭებადი პროდუქტებით აქვთ დატვირთული. 
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში კი განმარტავენ, რომ მისამბმელიანი ავტომობილების გადაადგილება უსაფრთხოების გამოა შეზღუდული და მოძრაობა მხოლოდ ცალმხრივად არის შესაძლებელი.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომრის პირველმა მოადგილემ ნუგზარ გასვიანმა განაცხადა, გზაზე გაჩერებული მძღოლები სავარაუდოდ ხვალ საღამოსთვის შეძლებენ გადაადგილებას.
"თავად ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების პირობებიდან გამომდინარე, მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის ე.წ. ტრაილერების გადაადგილება ხორციელდება ცალმხრივი მიმართულებით - ან გუდაურიდან კობის მიმართულებით, ან კობიდან გუდაურის მიმართულებით. სავარაუდოდ, დილით მოძრაობა განახლდება ჟინვალიდან მლეთა-გუდაურისა და კობის მიმართულებით. ჩვენი ვარაუდით, ხვალ საღამოსთვის უკვე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაცილებით ნორმალურ რეჟიმში იქნება შესაძლებელი", - განაცხადა გასვიანმა. 
ინფორმაციას ჟინვალის მიმდებარე ტერიტორიაზე სატვირთო მანქანების გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.