დეპუტატ დავით ბერძენიშვილს უკვირს, პატრიარქის მიერ პატიმართა შეწყალების საკითხთან დაკავშირებით რატომ მიმართა პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტსა და პარლამენტს.
როგორც ბერძენიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მას პრემიერის ეს ნაბიჯი არასწორ ნაბიჯად მიაჩნია. "საკითხი ძალიან მკაფიოა – ერთადერთი ადამიანი, ვისაც პატიმართა შეწყალების უფლებათმოსილება აქვს, არის სახელმწიფოს მეთაური. ჩვენს შემთხვევაში ეს არის ქვეყნის პრეზიდენტი. ამიტომ მიკვირს, თუ რატომ მოგვმართა პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს ან რატომ მიმართა პრეზიდენტს და რატომ აიცილა პასუხისმგებლობა თავიდან. მანაც მშვენივრად იცის, ის ერთადერთი თანამდებობის პირი, ვისაც ეს უფლებამოსილება აქვს და ეს კონსტიტუციაში შავით თეთრზე წერია – ეს არის პრეზიდენტი. ამიტომ პრემიერის ინიციატივა, აღნიშნული საკითხის პარლამენტისთვის განსახილველად შეთავაზების შესახებ, სწორ ნაბიჯად არ მიმაჩნია. საერთოდ ასეთი რამ არ მოხდება. შეიძლება სხვადასხვა სურვილები, კეთილი ზრახვები არსებობდეს, მაგრამ ასევე არსებობს წესები, არსებობს კონსტიტუცია, დემოკრატია და პროცედურები. პატიმართა შეწყალების საკითხს კონსტიტუცია ძალიან კარგად და მკაფიოდ განსაზღვრავს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" დავით ბერძენიშვილმა.
კითხვაზე, პატიმართა შეწყალების უფლების პატრიარქისთვის გადაცემის საკითხის წამოწევა ხომ არ შეიძლება უკავშირდებოდეს ელექტორალურ მიზნებს და ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილის მიმხრობის მცდელობას, ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ ევროპული არჩევანის მქონე მოქალაქეებისთვის ამგვარი ცვლილების განხორციელების იდეა ერთმნიშვნელოვნად მიუღებელი აღმოჩნდა. ბერძენიშვილის თქმით, ეს ძალიან კარგად გამოჩნდა სოციალურ ქსელებშიც. "იქნება პრემიერი, მისი მინისტრი თუ დეპუტატი, ვინც თვლის, რომ ეს ინიციატივა მაინც არ განხორციელდება და მოდი მე ამით ვიღაცის გულს მოვიგებ და ასეთ რამეს ვიტყვი, არ მგონია, ის სწორად თვლიდეს. აბა ნახეთ, როგორი რეაქცია მოჰყვა ამას სოციალურ ქსელებში. პატიმართა შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა, ეს ვინმეს მოსწონს თუ არა და ევროპული არჩევანის მქონე მოქალაქეებისთვის ამგვარი ცვლილების განხორციელების იდეა ერთმნიშვნელოვნად მიუღებელი აღმოჩნდა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამ წინადადების მხარდაჭერისთვის პრაგმატულად მაგრად გათვალა, ძალიან შეცდა", - აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.