საქართველომ ძალიან ბევრი ექსპერიმენტი გაიარა და ეს ექსპერიმენტები უნდა დავასრულოთ. აღნიშნული განცხადება "რესპუბლიკური პარტიის" ყოფილმა თავმჯდომარემ, პარლამენტის სპიკერმა დავით უსუფაშვილმა "რესპუბლიკური პარტიის" მე-16 ყრილობაზე გააკეთა.
"როდესაც ვამბობთ, რომ ვართ ევროპული ქვეყანა, ევროპული საზოგადოება, სწორედ იქით უნდა გავიხედოთ. გავიხედოთ ევროპისაკენ, სადაც მოხერხდა, რომ ადამიანები არიან თავისუფალი და ამასობაში ადამიანებს არ სცივათ, არ შიათ, დასაქმებული არიან, აქვთ პერსპექტივა, აქვთ განათლების მიღების საშუალება. ჩვენ სწორედ ეს გვინდა და ეს უნდა გავაკეთოთ. პროცესი ძალიან რთულია და ვერ ეტევა პარლამენტის, მთავრობის ერთი ვადის განმავლობაში", - აღნიშნა უსუფაშვილმა.
მისი შეფასებით, საქართველოში ბევრი უცნაური და ჯერ არ გაგონილი ამბავი ხდება. უსუფაშვილმა ამ კონტექსტში სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მიმდინარე პროცესებზე გაამახვილა ყურადღება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრობლემების მიუხედავად, პროცესი სწორი მიმართულებით მიდის.
დავით უსუფაშვილმა "რესპუბლიკელებს" მიმართა, რომ ისინი მზად უნდა იყვნენ იმუშაონ არა მხოლოდ თვითმმართველობის ორგანოებში, პარლამენტსა და მთავრობაში, არამედ ევროპელ კოლეგებთან ერთად ევროპული საქმეების გადაწყვეტაშიც მიიღონ მონაწილეობა. მისივე თქმით, "რესპუბლიკურ პარტიას" პასუხისმგებლობა მოემატება და ამისთვის პარტია მზად უნდა იყოს.