მუფტი:

მუფტი: "ისლამური სახელმწიფოს" სახელით გამოქვეყნებული ვიდეოს ორი მონაწილე მეჩეთში ლოცვებზე დადიოდა

სრულიად საქართველოს მუფტის, ბეგლარ ქამაშიძის განცხადებით, "ისლამური სახელმწიფოს" სახელით გამოქვეყნებული ვიდეოს ორი მონაწილე მეჩეთში ლოცვებზე დადიოდა. მისი თქმით, საუბარია ხვიჩა გობაძეზე და მამუკა ანთიძეზე. როგორც მუფტმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გობაძეზე დადებითი ინფორმაცია ჰქონდა, თუმცა რამ განაპირობა მისი წასვლა უცნობია.

"ოჯახებთან არანაირი შეხება არ მაქვს. ორი პიროვნების შესახებ ვიცი, რადგან ისინი დადიოდნენ მეჩეთში და იყვნენ მორწმუნენი. რამ გადააწყვეტინათ მათ ასეთი ქმედების ჩადენა, ჩემამდე ვერ მოდის. ვერ წარმომედგინა, რომ მორწმუნე ადამიანი უცებ ამას გადაწყვეტდა. მე გობაძეში ვხედავდი კარგ მორწმუნე ადამიანს. მის შესახებ არც შევიწროება გამიგონია. თუმცა, რატომ ჩაიდინა ეს ქმედება უცნობია", - განაცხადა მუფტმა.

მისივე თქმით, უცნობია თუ რატომ იღებენ სირიაში საბრძოლველად წასვლის გადაწყვეტილებას.

"არ ვიცი რატომ მიდიან ეს ადამაინები. თქვეს, რომ პანკისიდან ფულის გამო მიდიანო, თუმცა ჩემთვის უცნობია საერთოდ უხდიან თუ არა რაიმეს ან რამდენს. ასევე, გვაქვს ინფორმაციები, რომ ამ ადამიანებზე შესაძლოა ფსიქოლოგიური ზეწოლა ხდებოდეს, ასევე საუბარია სოციალური ქსელების მეშვეობით დარწმუნებაზე. ჩვენ თუ შევამჩნევთ ასეთ პრობლემებს ადამიანში, ეს ადამიანები უნდა გამოვასწოროთ", - განაცხადა ბეგლარ ქამაშიძემ.

მუფტისთვის უცნობია რამდენი ადამიანია წასული და გეგმავენ თუ არა მუსლიმი ახალგაზრდები მსგავსი ნაბიჯის გადადგმას.

"ჩემთვის ცნობილი, რომ იყოს სახელმწიფოს ვეტყოდი. მე არ ვარ სახელმწიფო მოხელე, მე ვარ სასულიერო ლიდერი და სახელმწიფო უნდა აკონტროლებდეს, რომ ადამიანების გადინება არ მოხდეს. მე არ ვიცი რამდენი ადამიანია წასული ან რატო წავიდა. ეს არის ბოლო ერთი წლის ამბავი, რაც ასეთი გადინება და წასვლა დაიწყო", - აღნიშნა ბეგლარ ქამაშიძემ.

მუფტის განცხადებით, მუსლიმთა სამმართველო მუშაობს, რომ მუსლიმებმა მაქსიმალური ინფორმაცია მიიღოს ჭეშმარიტი ისლამის შესახებ, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუშლის სირიაში გადინებას.

"ჩვენ ვმუშაობთ, რომ პრობლემები არ იყოს მომავალში. ჩვენ გვყავს თეოლოგები, გვაქვს რამდენიმე სასწავლებელი, რომელსაც აკონტროლებს მუსლიმთა სამმართველოც. ვცდილობთ, რომ ის ისლამი, რომელიც საქართველოში საუკუნეების განმავლობაში სიყვარულის მქადაგებელია, ადამიანებმა გაიგონ. სასულიერო პირები ვეხმარებით, ის ისლამი, რაც სიყვარულს ქადაგებს, ჩავუნერგოთ ჩვენ საზოგადოებას. ამ მიმართულებით ვმუშაობთ ლიტერატურით, გვაქვს თვეში ერთხელ რელიგიური გაზეთი ტრადიციული ქადაგებებით. ყოველ პარასკევს წინამძღვრებს ვურიგებთ ქადაგებებს, რომელშიც არის ტრადიციული ისლამი მოცემული და ამით ვცდილობთ, ადამიანები აღარ გაედინონ და აღარ გააკეთონ ღვთის წინაშე მიუღებელი ქმედებები. რაც შეეხება სასულიერო პირების მიმართ მუქარას - მე ღმერთმა მაჩუქა ერთი სული და თუ წამართვეს, ჩემი ღმერთი წამართმევს იმ სულს", - განაცხადა მუფტმა.

მისივე თქმით, აუცილებელია ისლამი და ტერორიზმი გაიმიჯნოს ერთმანეთისგან - ისლამი არასდროს არ ყოფილა ტერორიზმი და მუსლიმი ვერასდროს იქნება ტერორისტი.

"ღმერთი გვიბრძანებს – ვინც მოკლას ერთი ადამიანი, ისეთივე ცოდვაა როგორც მთელი კაცობრიობის განადგურება, ვინც გადაარჩენს ერთ ადამიანს, ისეთივე მადლია როგორც მთელი კაცობრიობის გადარჩენა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ტერორიზმზე, უნდა გაიმიჯნოს ისლამი და ტერორიზმი ერთმანეთისგან. არის პრობლემები, მაგრამ ტერორისტი შეიძლება იყოს ნებისმიერი რელიგიის წარმომადგენელი. თუ ადამიანები, პიროვნებები აშავებენ, მათი ჩადენილი დანაშაული რელიგიას არ უნდა მივაწეროთ. ისლამი ყოველთვის გმობდა და გმობს ძალადობას", - აღნიშნა მუფტმა.

მისივე თქმით, სასულიერო ლიდერები ყურადღებას აქცევენ, რომ საქართველოში ისლამი არ გამოიყენონ ისეთი ფორმით, რომ ვინმეს ისლამი შეძულდეს.

"ეს ყველაფერი არის ისლამოფობიისკენ მიმართული საქციელი. შესაძლოა ეს იყოს გარკვეული პოლიტიკური ძალებიდან მომდინარე, რომლებსაც სურთ, რომ საზოგადოებას შეაძულოს ისლამი. მე ძალიან ვთხოვ ყველას, მათ შორის მედიასაშუალებებს, რომ ვეცადოთ ჩვენ თვითონ ჩვენი გადაცემებით არ შევქმნათ პრობლემები, რომელიც კიდევ მეტ დაძაბულობას მოიტანს სახელმწიფოში. მედიასაშუალებებმა შესაძლოა ისეთი ფონი შექმნან, რომ ტეროტირისტებმა თქვან - ყურადღებას გვაქცევენ და საზოგადოება შევაშინეთო. მედია უნდა ეცადოს ნაკლები ყურადღება დაუთმოს, ხოლო სახელმწიფომ უნდა დაიცვას უსაფრთხოება", - აღნიშნა მუფტმა.