პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში მაღალტექნოლოგიური ფარმაცევტული საწარმო „ინოვასი“ გახსნა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის კიდევ ერთი ქართული საწარმო, რომელიც 100%-ით გადაამუშავებს ქართულ ნედლეულს და 1 000-დან 2 000-მდე ადამიანს დაასაქმებს.
„ჩვენ ვართ მომსწრენი ძალიან კარგი პროექტის დაწყების. ეს არის თვალსაჩინო მაგალითი სახელმწიფოს და კერძო სექტორის თანამშრომლობის. ესაა კიდევ ერთი ქართული საწარმო, რომელიც 100%-ით გადაამუშავებს ქართულ ნედლეულს, სადაც 1 000-დან 2 000-მდე ადამიანი დასაქმდება. ეს ხორციელდება „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რომელიც წარმატებით ხორციელდება. დღეისათვის, ჯამში 120 პროექტი დავაფინანსეთ. ეს არის 350 მილიონი ლარის ინვესტიცია ქართული წარმოების განვითარებისთვის. დღევანდელი საწარმო ეს გახლავთ ფარმაცევტული საწარმო, სადაც ინვესტირებულია 9 მილიონ ლარამდე. განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ეს ადამიანები წარმატებულები არიან თავის საქმეში, დაბრუნდნენ საქართველოში და დაიწყეს ბიზნესის კეთება, რაც ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, იმედის მომცემია. ეს საწარმო ხელს შეუწყობს მათ შორის ხალხში გაბნეული საგვარეულო რეცეპტების ფარმაცევტულ ინდუსტრიაში დამკვიდრებას. ჩვენ ნამდვილად გვაქვს უამრავი ასეთი რეცეპტი, რომლითაც შეგვიძლია დავაინტერესოთ ფარმაცევტული წარმოება“, - განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ ადგილზე წარმოებული პროდუქციის 90% ექსპორტზე იქნება ორიენტირებული.
ცნობისთვის, ლილოს ტერიტორიაზე უახლესი სტანდარტების მქონე ქართული ფარმაცევტული ქარხანა „ინოვასი“ გაიხსნა. საწარმო „თიბისი ბანკმა“ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 2 მილიონი აშშ დოლარის რესურსით დააფინანსა.
ქარხანა პირველია ბაზარზე, რომელიც ქართული ფლორის სამკურნალო პოტენციალს გამოიყენებს და განახორციელებს ფარმაცევტული პროდუქციის წარმოების სრულ ციკლს - მოპოვება-გადამუშავება, წარმოება და ექსპორტს.