რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, თურქეთის ხელისუფლების ქმედებების შედეგად საფრთხე შეექმნა რუსეთ-ნატოს ურთიერთობას. კეთილმიზებულური ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის კი "შეირყა".
"თურქეთის ხელისუფლების დანაშაულებრივ ქმედებას სამი შედეგი მოჰყვა. პირველი, ეს არის რუსეთ-ნატოს შორის ურთიერთობის საშიში დაძაბვა, რასაც ვერც ერთი ინტერესით, მათ შორის სახელმწიფო საზღვრების დაცვით ვერ გაამართლებ. მეორე, თურქეთმა ფაქტობრივად, საკუთარი ქმედებებით "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლთა დაცვის დემონსტრირება მოახდინა, რაც გასაკვირი არ არის იმ ინფორმაციის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთ თურქი მაღალჩინოსანს პირდაპირი ფინანსური დაინტერესება აქვს, რომელიც უკავშირდება "ისლამური სახელმწიფოს" კუთვნილ საწარმოებზე ნავთობპროდუქტების მიწოდებას. მესამე, შეირყა ხანგრძლივი კეთილმეზობლური ურთიერთობა რუსეთსა და თურქეთს შორის, მათ შორის ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში. ამ ზარალის ანაზღაურება რთული იქნება. ამის პირდაპირი შედეგი შესაძლოა გახდეს უარის თქმა მნიშვნელოვან ერთობლივ პროექტებზე. თურქულმა კომპანიებმა კი შესაძლოა, რუსულ ბაზარზე პოზიციები დაკარგონ", - განაცხადა მედვედევმა.