ფრანსუა ოლანდი თურქეთსა და სირიას შორის საზღვარის სასწრაფოდ ჩაკეტვას ითხოვს

ფრანსუა ოლანდი თურქეთსა და სირიას შორის საზღვარის სასწრაფოდ ჩაკეტვას ითხოვს

საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის განცხადებით, აუცილებელია თურქეთსა და სირიას შორის საზღვარი სრულად ჩაიკეტოს, რათა არ მოხდეს ევროპაში ექსტრემისტების მოხვედრა.

ამის შესახებ ფრანსუა ოლანდმა აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.

„აუცილებელია, რომ რაც შეიძლება მალე ჩაიკეტოს საზღვარი, რათა ვერცერთმა ტერორისტმა ვერ შეძლოს ევროპაში მოხვედრა და ბარბაროსული ტერაქტების მოწყობა“, - აღნიშნა ფრანსუა ოლანდმა.

საფრანგეთის ლიდერმა მიგრანტების პრობლემაზეც ისაუბრა, რომელიც ნამდვილ „თავის ტკივილად“ იქცა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის.

„დღეს სირიის კრიზისი მთელ ევროპას ეხება. ჩვენ იძულებულნი ვართ ვაღიაროთ, რომ ევროპელებისთვის საფრთხე დიდია. ამასთან დაკავშირებით, აუცილებელია სირიის კრიზისიდან გამოსავალი მოინახოს“, - განაცხადა ფრანსუა ოლანდმა.

შეგახსენებთ, რომ 17 ნოემბერს აშშ-მ თურქეთთან ერთობლივი ოპერაცია დაიწყო, რათა მთლიანად აიღოს სირიის ჩრდილოეთ საზღვარზე კონტროლი.