აშშ-სა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ერთხმად დაადასტურეს, რომ სირიის კონფლიქტთან დაკავშირებით, ახალი საერთაშორისო კოალიციის შექმნა არ იგეგმება.
ამის შესახებ ბარაკ ობამამ და ფრანსუა ოლანდმა თეთრ სახლში, ორმხრივი შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
კითხვაზე, აპირებენ თუ არა სირიის კონფლიქტის წინააღმდეგ ახალი კოალიციის შექმნას, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არსებობს 65 ქვეყნის კოალიცია, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძვის.
„რუსეთი ჯერ კიდევ 2 ქვეყნის - რუსეთისა და ირანის კოალიციაშია, რომელიც ასადის რეჟიმს უჭერს მხარს. რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების და ბაშარ ასადზე მათი გავლენის გათვალისწინებით, ამ ქვეყნების თანამშრომლობა ხელს შეუწყობდა სირიაში სამოქალაქო ომის დარეგულირებას და ჩვენ საშუალებას მოგვცემდა, რომ ყურადღება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ გაგვემახვილებინა. უნდა გვახსოვდეს, რომ გლობალური კოალიცია უკვე ფორმირებულია. იმედი გვაქვს, რომ ეს ქვეყნები თავიანთი ყურადღების ფოკუსირებას, გაცილებით რეალურ საფრთხეზე მოახდენენ და კონსტრუქციული მოთამაშის როლს შეასრულებენ“, - აღნიშნა ბარაკ ობამამ.
თავის მხრივ ფრანსუა ოლანდმა აღნიშნა, რომ საჭიროა ერთი მიზანი და ეს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაა.
„ჩვენ გვჭირდება საერთო მიზანი - ტერორიზმთან ბრძოლა. ვთვლი, რომ ჩვენ შეგვიძლია მეტი გავაკეთოთ სამხედრო საკითხებში კოორდინაციისთვის და თანამშრომლობისთვის. ამასთან, ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტილების სიცხადე. ამ მხრივ ჩვენ უკვე აღვნიშნეთ და გავიმეორებ, რომ ბაშარ ასადი ვერ განასახიერებს სირიის მომავალს, ის პრობლემის და არა მისი მოგვარების ნაწილია“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.