კრიზისი რუსეთ-თურქეთის ურთიერთობაში ერთობლივ ბიზნეს პროექტებზე აისახება. ამის შესახებ რუსული გამოცემა "კომერსანტს" ანონიმურმა მაღალჩინოსანმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება "თურქული ნაკადი", თურქეთში ატომური ელექტროსადურის "აკუიუს" მშენებლობა და შავი ზღვის სრუტეების გავლით რუსული ხომალდების გავლის საკითხი.
"მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ პუტინს ანკარასთან ეკონომიკური თანამშრომლობის შეწყვეტაზე მიმართულ, კონკრეტულ ზომებზე არ უსაუბრია, ორი ქვეყნის ერთობლივ ბიზნეს პროექტებს კარგი არაფერი ელოდება. როგორც "კომერსანტს" ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, თურქეთთან სამხედრო თანამშრომლობის საკითხი, საერთაშორისო კონტაქტები და ბიზნეს პროექტები შეწყდება ან მრავალი წლით გაყინავენ", - წერს "კომერსანტი".
გამოცემა აღნიშნავს, რომ თურქეთი გერმანიის შემდეგ რუსული გაზის ყველაზე მსხვილი მომხმარებელია.
"ანკარა რუსეთიდან გაზის დაახლოებით 60%-ს იღებს, ასეთი მასშტაბის ალტერნატიული წყარო მას არა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ "კომერსანტის" მოსაუბრემ თურქეთში რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტა უარყო, ერთი წლის წინ "გაზპრომმა" უკრაინის სატრანზიტო კორიდორით გაზის მიწოდება შეამცირა, რის გამოც თურქეთიც დაზარალდა", - წერს "კომრესანტი".
გამოცემასთან საუბარში ექსერტი Sberbank Investment Research-დან ვალერი ნესტეროვი აცხადებს, რომ რუსეთი თურქეთისთვის გაზის მიწოდებაზე უარს არ იტყვის, რადგან "გაზპრომისთვის" სანდო პარტნიორის იმიჯი მნიშვნელოვანია.
"თუ რუსეთი თურქეთში ნედლეულის ექსპორტზე ემბარგოს დააწესებს, ეს ევროკავშირში ისტერიკას გამოიწვევს", - აცხადებს ექსპერტი.