რუსეთის გენერალურ შტაბში სირიაში კიდევ ერთი რუსული საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ განაცხადეს.
"ენ-ტე-ვეს" ინფორმაციით, "სუ-24"-ის ჩამოვარდნის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დროს რუსეთის "მი-8" ტიპის ვერტმფრენი ჩამოაგდეს. გენერალური შტაბის ინფორმაციით, დაღუპულია რუსი მედესანტე.
"რუსი მფრინავების ევაკუაციის მიზნით ჩატარდა სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ორი "მი-8" ტიპის ვერტმფრენის გამოყენებით. ოპერაციის მსვლელობისას ერთ-ერთი ვერტმფრენი ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლების შედეგად დაზიანდა და ნეიტრალურ ტერიტორიაზე იძულებითი დაშვება განახორციელა. შედეგად ერთი საზღვაო ქვეითი დაიღუპა, რომელიც საკონტრაქტო სამსახურს გადიოდა", - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
გენერალურ შტაბში აღნიშნეს, რომ რუსული ბომბდამშენის ეკიპაჟის ძებნისა და გადარჩენის ოპერაცია გრძელდება. უწყების ცნობით, ერთი მფრინავი დაღუპულია.