"თავისუფალი დემოკრატები" პარტიებს ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ერთობლივი მიმართვის მომზადების ინიციატივით მიმართავენ
"თავისუფალი დემოკრატები" ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ ძალებს ერთობლივი მიმართვის მომზადებას სთავაზობს, რომელიც 15 დეკემბრამდე ევროკომისიას და ევროპარლამენტს გადაეგზავნება.
შესაბამისი ინიციატივით დეპუტატი ვიქტორ დოლიძე პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გამოვიდა.
"ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი დადგა. ეს პერიოდი 15 დეკემბრამდე გაგრძელდება. ჩვენი ქვეყნის და არა ცალკეული პარტიების ინტერესებიდან და კოალიციიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტს ერთობლივი, კონსოლიდირებული, ჩამოყალიბებული პოზიცია გვქონდეს. "თავისუფალი დემოკრატები" გთავაზობთ, რომ კოალიციამ, "თავისუფალმა დემოკრატებმა", "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და თუკი ამას მხარს არასაპარლამენტო პარტიებიც დაუჭერენ, ერთობლივი განცხადება მივიღოთ ", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.
დოლიძის პასუხად პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ საკითხი "ზეპარტიული თემაა". მან კოლეგებს შესთავაზა, მიმართვის დროსა და ფორმაზე, ბიუროს ხვალინდელ სხდომამდე ჩამოყალიბდნენ.