რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თურქეთის მიერ რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდება და ინციდენტში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ჩართვა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ თანამშრომლობად შეაფასა.
ვლადიმერ პუტინის განცხადებით, იმის მაგივრად, რომ თურქეთის ხელისუფლებას ეცადა ინციდენტის შემდეგ დაუყოვნებლივ დაკავშირებოდა რუსეთს, მან ნატო-ელ პარტნიორებს მიმართა, რაც პუტინის შეფასებით, ნატო-ს მხრიდან „ისლამურ სახელმწიფოსთან“ თანამშრომლობის ტოლფასია.
„ჩვენ ყოველთვის ვექცეოდით თურქეთს, არა როგორც მეზობელს, არამედ როგორც მეგობარ სახელმწიფოს. არ ვიცი რა ვუწოდო დღევანდელ ინციდენტს. იმის მაგივრად, რომ დაუყოვნებლივ დაალაგონ ურთიერთობა ჩვენთან, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, თურქეთის მხარემ მიმართა ნატო-ს პარტნიორებს, რათა განიხილონ ეს საკითხი. თითქოს ჩვენ ჩამოვაგდეთ თურქეთის თვითმფრინავი და არა მათ ჩვენი. რა სურს თურქეთს, ნატო „ისლამურ სახელმწიფოსთან“ თანამშრომლობაში ჩართონ? მესმის, რომ ყველა სახელმწიფოს თავისი რეგიონალური ურთიერთობები აქვს და ვითვალისწინებთ, მაგრამ ასეთ ქმედებებს, ასეთ დანაშაულს არ მოვითმენთ. იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო საზოგადოება გამონახავს ძალას, რომ ერთად იბრძოლოს დანაშაულის წინააღმდეგ. იმედი გვაქვს, რომ ამ ბრძოლაში ყველა ქვეყანა ჩაერთვება“, - განაცხადა პუტინმა.