რუსეთის სათათბიროს დეპუტატები ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოუწოდებენ, რომ თურქეთის მიერ, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ, თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტონ.
აღნიშნული ინიციატივა პრეზიდენტ პუტინის სახელზე სათათბიროს დეპუტატებმა ვალერი რაშკინმა და სერგეი ობუხოვმა გაგზავნეს. დეპუტატებმა მოთხოვნის ასლი საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის სახელზეც გაგზავნეს.
ცნობისთვის, დეპუტატებმა რაშკინმა და ობუხოვმა ვლადიმერ პუტინს თურქეთთან ავიამიმოსვლის გაწყვეტის თაობაზე უკვე მიმართეს.
„თურქეთის აგრესია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის მხარს უჭერს ტერორისტულ ორგანიზაციას „ისლამური სახელმწიფო“. ამის ნიშნები ამ ინციდენტამდეც იყო, როცა თურქეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა განცხადება, რომ 7 სახელმწიფო შეშფოტებულია სირიაში რუსეთის ქმედებებით“, - ნათქვამია დეპუტატების წერილში.
მათი თქმით, თურქეთის ქმედება დაუყოვნებლივ საპასუხო ქმედებებს მოითხოვს.
„ამასთან დაკავშირებით გთხოვთ, რომ სიტუაციაში გასარკვევად, გამოიწვიოთ ჩვენი ელჩი თურქეთის რესპუბლიკიდან და ამასთანავე, განიხილოთ დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის საკითხი. დავაყენოთ გაერო-ში თურქეთის პასუხისმგებლობის საკითხი, რუსეთის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო. ასევე, ვაღიაროთ თურქეთი ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყანად და მივიღოთ კომპლექსური ზომები, რათა შეწყდეს „ისლამური სახელმწიფოს“ და სხვა ტერორისტული ფორმირებების მხარდაჭერა ამ სახელმწიფოსგან“, - ითხოვენ დეპუტატები პრეზიდენტის სახელზე მიწერილ წერილში.
შეგახსენებთ, რომ საჰაერო სივრცის დარღვევის გამო, თურქეთის ავიაციამ რუსული სამხედრო თვითმფრინავი სუ-24 თურქეთ-სირიის საზღვართან ახლოს ჩამოაგდო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსული თვითმფრინავი უშუალოდ სირიის ტერიტორიაზე იმყოფებოდა და მას თურქეთის საჰაერო სივრცე არ დაურღვევია.