გაერო-ს ოფიციალური წარმომადგენლის აჰმად ფაუზის განცხადებით, ტერორიზმთან ბრძოლა ყველა საერთაშორისო ნორმის დაცვით უნდა განხორციელდეს და ის კანონზე და ადამიანის უფლებების დაცვაზე უნდა იყოს დაფუძნებული.
ამის შესახებ გაერო-ს წარმომადგენელმა ჟენევაში, სპეციალურად დაგეგმილ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი განცხადებით, რუსულ სამხედრო თვითმფრინავთან დაკავშირებით მომხდარმა ინციდენტმა შესაძლოა სიტუაცია დაძაბოს.
„მე საქმის კურსში ვარ, რომ რუსული თვითმფრინავი თურქეთის მხარემ ჩამოაგდო. ამან შეიძლება სიტუაცია დაძაბოს“, - განაცხადა გაერო-ს წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ საჰაერო სივრცის დარღვევის გამო, თურქეთის ავიაციამ რუსული სამხედრო თვითმფრინავი სუ-24 თურქეთ-სირიის საზღვართან ახლოს ჩამოაგდო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსული თვითმფრინავი უშუალოდ სირიის ტერიტორიაზე იმყოფებოდა და მას თურქეთის საჰაერო სივრცე არ დაურღვევია.
გავრცელებული ინფორმაციით, პილოტებმა კატაპულტირება მოასწრეს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოიერიშეს ერთ-ერთი პილოტი გარდაიცვალა.