პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობა" პენსიონერებს ბრმა იარაღად იყენებს.
დიმიტრი ხუნდაძე პენსიის 50 ლარით გაზრდასთან დაკავშირებით "ნაციონალების" ინიციატივას განცხადებით ეხმაურება და მიიჩნევს, რომ აღნიშნული "წინასაარჩევნოდ ქულების დაწერის" მიზანს ემსახურება.
"ბოლო პერიოდში "ნაციონალური მოძრაობის" ქმედება პენსიონერთა მიმართ ყოველგვარ ზღვარს გასცდა. ხანდაზმული პირები გამოიყვანო და პეტიციაზე ხელის მოსაწერად რიგში ჩააყენო მხოლოდ იმიტომ, რომ წინასაარჩევნოდ ქულები ჩაიწერო, არანაირ ზნეობრივ და მორალურ ჩარჩოში არ ზის. ყველამ კარგად ვიცით, რომ ამომრჩეველთა ყველაზე დიდი პროცენტი პენსიონრებზე მოდის და სწორედ ამიტომ, "ნაცმოძრაობის" სამიზნეც ეს სეგმენტია. მესმის, მათ იმდენად უჭირთ, რომ ყველანაირ ხერხს იყენებენ, მაგრამ არსებობს დაუწერელი წესები, რასაც არ უნდა გადააბიჯო", - მიიჩნევს ხუნდაძე.
დეპუტატის თქმით, პენსიის 50 ლარით გაზრდა არა მარტო შეუძლებელი, დაუშვებელია ჩვენი ქვეყნისთვის. "ყოველდღე, საინფორმაციო საშუალებებში ვუყურებთ კადრებს, სადაც ისედაც ყოფითი ცხოვრებით დაღლილი მოხუცები დგანან და იმედით აწერენ ხელს პენსიის 50 ლარით გაზრდის თაობაზე მოთხოვნას, რაც რაც "ნაცმოძრაობის" თითოეულმა წევრმა იცის, რომ არა მარტო შეუძლებელი, არამედ, დაუშვებელია ჩვენი ქვეყნისთვის.
არაერთხელ განმიცხადებია, რომ საქართველოში ერის დაბერება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, რაც ძალიან გვახარებს. საგრძნობლად არის შემცირებული მოკვდაობა სწორედ ხანდაზმულებში, რაც ჩვენი ხელისუფლების სწორი ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის შედეგია. მიმდინარე ორი-სამი წლის მანძილზე გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, მათი რაოდენობა მომდევნო წლების მანძილზე კიდევ უფრო იზრდება. ეს გამოწვეულია მეოცე საუკუნის 50-70-იან წლებში შობადობის ყველაზე დიდი მაჩვენებლით. სწორედ ეს თაობა ხდება დღეს და მომდევნო 10-15 წლის მანძილზე საპენსიო ასაკის.
შეუძლებელია ეს მონაცემები არ ჰქონდეთ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს და არ იცოდნენ, რომ ამ ფონზე პენსიების 50-ლარიანი მატება დაუშვებელია ქვეყნის ბიუჯეტისთვის. საჭიროა სწორი საპენსიო პოლიტიკის შემუშავება და რეფორმის გატარება, რაც ყოფილ ხელისუფლებას პირველივე დღეებიდანვე უნდა დაეწყო. სამწუხაროდ, საპენსიო რეფორმის დაწყება ჩვენს პერიოდშიც ჭიანურდება. პენსიონერთა რაოდენობის ასეთმა ზრდამ, რაც ჩვენთვის პოზიტიური და სასიხარულოა, შესაძლოა ქვეყნის ბიუჯეტისთვის ნეგატიური გავლენა იქონიოს, თუ საპენსიო რეფორმა დროულად არ დავიწყეთ", - აღნიშნავს დეპუტატი.
დიმიტრი ხუნდაძე "ნაციონალურ მოძრაობას" მოუწოდებს, ნუ გამოიყენებენ პენსიონრებს ბრმა იარაღად საკუთარი საარჩევნო მიზნებისთვის.
"უმჯობესია, ყველამ ერთად დავიწყოთ ფიქრი, თუ როგორ შევიმუშაოთ საპენსიო პოლიტიკა ისე, რომ მივხედოთ ხანდაზმულებს და ამასთანავე, მოსალოდნელი საფრთხე ავარიდოთ ქვეყნის ბიუჯეტს", - განმარტავს დიმიტრი ხუნდაძე.