თურქული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთ-სირიის საზღვარზე ჩამოგდებული რუსული სამხედრო თვითმფრინავის სუ-24 ერთ-ერთი პილოტი დაიღუპა.
როგორც თურქული მედია „CNN Turk“ იუწყება, თვითმფრინავიდან კატაპულტირებული ერთი პილოტი დაიღუპა, ხოლო მეორე სირიელი თურქმენების შეიარაღებულ დაჯგუფებას ტყვედ ჰყავს აყვანილი.
აღნიშნულ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს.
სააგენტო „Dogan“-ის ცნობით, უწყებაში განაცხადეს, რომ ორი რუსული ვერტმფრენი პილოტების ძებნას ახორციელებს.
შეგახსენებთ, რომ საჰაერო სივრცის დარღვევის გამო, თურქეთის ავიაციამ რუსული სამხედრო თვითმფრინავი სუ-24 თურქეთ-სირიის საზღვართან ახლოს ჩამოაგდო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსული თვითმფრინავი უშუალოდ სირიის ტერიტორიაზე იმყოფებოდა და მას თურქეთის საჰაერო სივრცე არ დაურღვევია.
გავრცელებული ინფორმაციით, პილოტებმა კატაპულტირება მოასწრეს.