"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, ირაკლი შოთაძის მთავარი პროკურორობა ძალიან ხანმოკლე იქნება.
როგორც ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მას ჯერ კიდევ ერთი წლის წინ აქვს ნათქვამი, რომ ეს თანამდებობა სწორედ შოთაძისთვის იყო შეპირებული. შესაბამისად, ის პროცესი, რომელიც წარიმართა მთავარი პროკურორის არჩევასთან დაკავშირებით, ფარსი იყო.
"შოთაძის კანდიდატურის შერჩევამ ცხადყო, რომ მთელი ეს პროცესი, რომელიც შეიძლებოდა ჩვენი ქვეყნისთვის, იუსტიციის სამინისტროსთვის წარმატება ყოფილიყო, აღმოჩნდა, რომ ყოფილა ფარსი. დაახლოებით ერთი წლის წინ მაქვს ნათქვამი, რომ ეს თანამდებობა შეპირებული იყო სწორედ შოთაძისთვის. თავისი პოლიტიკური ერთგულების და იმის გამო, რომ მან ისევე როგორც ადეიშვილის დროს იყო, პროკურატურა აქცია პოლიტიკურ იარაღად. ეს ძალიან სამწუხაროა. კოლოსალური შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ეს ყოფილიყო წარმატებული რეფორმა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხელიდან გაუშვეს. მაგრამ, არა უშავს. მე მინდა, დავპირდე ყველას, ვინც დღეს გადაწყვეტილებას იღებს, რომ ეს გადაწყვეტილებები უეჭველი შეიცვლება ერთი წლის თავზე", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.