მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს მინისტერიალზე აღინიშნოს ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია

მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს მინისტერიალზე აღინიშნოს ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს მინისტერიალზე აღინიშნოს ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრ, ედგარს რინკევიჩსთან შეხვედრის შედმეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

"ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე და ნატო-ს მომავალ მინისტერიალზე, ასევე იმ სტრატეგიაზე, რომელსაც ჩვენ უნდა მივყვეთ, ასევე ვისაუბრეთ ჩვენი მეგობრების რჩევებზე ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს მინისტერიალზე აღინიშნოს ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია", - განაცხადა კვირიკაშვილმა და მადლობა გადაუხადა კოლეგას ამ მიმართულებით მხარდაჭერისთვის.

ედგარს რინკევიჩსმა განაცხადა, რომ საქართველომ ძალიან დიდი პროგრესი დააფიქსირა ნატო-ს უელსის სამიტის პირობების შესრულების კუთხით.

"ეს ნიშნავს, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობა იქნება უფრო მაღალ რანგში ასული, იმიტომ, რომ ეს მესიჯები, რომელიც საქართველომ გააგზავნა, ამის საშუალებას და იმედს იძლევა. კონსულტაციები ამ მხრივ გრძელდება. ახლა შეიძლება ვერ შევძლებთ დავასახელოთ ზუსტი თარიღი, მაგრამ საქართველოს ნამდვილად აქვს წინგადადგმული ნაბიჯები. რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯები და რეფორმები უნდა აჩქარდეს, როგორც საქართველოს, ისე დასავლეთის მხრიდან, ნატო-ს მხრიდან გადაწყვეტილებების მიღების კუთხით", - განაცხადა ედგარს რინკევიჩსმა.