არსებობს მყარი საფუძველი, რომ ლატვიასთან ეკონომიკური თანამშრომლობა კიდევ უფრო აქტიური გახდეს

არსებობს მყარი საფუძველი, რომ ლატვიასთან ეკონომიკური თანამშრომლობა კიდევ უფრო აქტიური გახდეს

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უაღრესად მნიშვნელოვანია ორმხრივ რეჟიმში ლატვიასთან ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრ, ედგარს რინკევიჩსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

"ჩვენ ვფიქრობთ, არსებობს ძალიან მყარი საფუძველი იმის, რომ ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობა კიდევ უფრო აქტიური გახდეს. განსაკუთრებით ბოლო პერიოდის პროექტების კუთხით, როგორიც არის აბრეშუმის გზის განვითარების ინიციატივა და სხვადასხვა სატრანსპორტო პროექტები", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ძალიან დიდი იმედი აქვს გიორგი კვიირკაშვილის ეკონომიკის მინისტრის რანგში მიღებული გამოცდილების. "ეს ალბათ უფრო დაგეხმარებათ თქვენი ამოცანების აღსრულებაში", - განაცხადა ედგარს რინკევიჩსმა.

შეხვედრაზე ორი ქვეყნის მინისტრებმა ასევე ისაუბრეს განათლების სფეროში თანამშრომლობაზე.

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა კოლეგას მათი შენაწირისთვის საქართველოს დიპლომატიური სკოლის ბიბლიოთეკისადმი, რომელიც გამოადგებათ ქართველ სტუდენტებს, რომლებიც ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სკოლაში სწავლობენ.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ლატვიაში რამდენიმე ქართველი სტუდენტი უკვე სწავლობს, თუმცა ეს არ არის საკმარისი და მათი რიცხვი უნდა გაიზარდოს.