აუცილებელია კონტრტერორისტული ცენტრი სასწრაფოდ გარდაიქმნას იმ სტრუქტურად, სადაც თავს მოიყრის ყველა ინფორმაცია, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა , ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ალასანია მიიჩნევს, რომ იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც სახეზეა "ისლამური სახელმწიფოდან" მომავალი საფრთხის სახით, აუცილებელია უსაფრთხოების სამსახურისთვის დაფინანსების გაზრდა, შესაბამისი აღჭურვილობის შეძენა და ოპერატიული საშუალებების შეძენა.
"ევროპაში და მსოფლიოში ძალიან დაიძაბა ვითარება, ტერორიზმის საფრთხეები არის ძალიან ამაღლებული, იმიტომ რომ თვითონ "ისლამური სახელმწიფოს" ადგილზე - ერაყსა და სირიაში სერიოზული დაბომბვების შედეგად, პრაქტიკულად, ეზღუდება სამოქმედო არეალი. როგორც ჩანს, მათ გადაიტანეს ეს ბრძოლა უკვე ევროპის შუაგულში, მათ შორის იმ ქვეყნებში, სადაც საშუალება ექნებათ, რომ სამიზნეები აირჩიონ. ჩვენ გვახსოვს, რომ საქართველოში ტერორისტული აქტების პირველი სამიზნე ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალები და პრეზიდენტები. აქედან გამომდინარე, აუცილებელია სასწრაფოდ გარდაიქმნას კონტრტერორისტული ცენტრი იმ სტრუქტურად, სადაც თავს მოიყრის ყველა ინფორმაცია, რომელიც განაწილებული იქნება სამართალდამცავ სტრუქტურებში და რაც მთავარია ამისთვის გამოყოფილი იქნება შესაბამისი ასიგნებები", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მისივე თქმით, ჩვენ გვჭირდება სპეციალისტები, მათ შორის ენის სპეციალისტები და კონტრტერორისტულმა ცენტრმა უნდა მოახერხოს თავისი ძალების და საშუალებების მობილიზება.
"დღევანდელი მდგომარეობა არ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომლის წინაშეც ჩვენ დავდექით. ამიტომაც "თავისუფალი დემოკრატები" გამოვედით ინიციატივით გაიზარდოს დაფინანსება, მოხდეს აღჭურვა, ასევე ოპერატიული საშუალებების შეძენა და რაც მთავარია, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რამდენად ემზადება სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების დაცვისთვის", - განაცხადა ალასანიამ და დასძინა, რომ ამ საკითხების განსახილველად სწორი ადგილი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტია.