"ისლამური სახელმწიფოს" სახელით გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით პროცესში პარლამენტის ჩართვა არარელევანტურია

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ "ისლამური სახელმწიფოს" სახელით გავრცელებულ ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით პროცესში პარლამენტის ჩართვა არარელევანტურია, რადგან გამოძიება ერთი დღის დაწყებულია.

როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, თემა განსახილველად სერიოზული და ფაქიზია და სახელმწიფოსაც საკითხისადმი ძალიან დიდი სიფრთხილე მართებს.

"ამ პროცესში უსაფრთხოების სამსახური ჩაერთო და დადასტურდება მასალის ავთენტურობა, წყარო და სხვადასხვა გარემოებები, რომელიც შემდგომი რეაგირების საფუძველი უნდა გახდეს. როდესაც გამოძიება ერთი დღის დაწყებულია, ამ პროცესში პარლამენტის ჩართვა არარელევანტური და გაუგებარია. ყველა ნორმლაურ ქვეყანაში გამოძიებას აცდიან, რომ კონკრეტული შედეგები დადოს", - აცხადებს ეკა ბესელია.