საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ლატვიას მადლობა გადაუხადა იმ უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველო ღებულობს იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ხდება ჩვენი ახალი ისტორიის ფორმირება ევროპასთან ერთად. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში ვიზიტად მყოფ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრ ედგარს რინკევიჩსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, მისი ლატვიელი კოლეგა გამოირჩევა განსაკუთრებული მხარდაჭერით საქართველოსადმი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ასევე ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი მხარდაჭერით.
"მე მინდა ამ მხარდაჭერისთვის მათ მადლობა გადავუხადო. საერთოდ მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ქართველი ხალხის სახელით ლატვიას, იმ უმნიშვნელო მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველო ღებულობს და ამ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ხდება ჩვენი ახალი ისტორიის ფორმირება ევროპასთან ერთად", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, შეხვედრის მიმდინარეობის დროს მიმოიხილეს საქართველოს ევროპული დღის წესრიგის საკითხები, ის რეფორმები, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს ევროპული მისწრაფებების გზაზე, ასევე თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების მიმდინარეობა და ისაუბრეს ამ მიმართულებით პროგრესის მნიშვნელობაზე.
"ასევე ვისაუბრეთ ვიზა ლიბერალიზაციის მნიშვნელობაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის დღეს განსაკუთრებით ვიზა ლიბერალიზაციის მიღება ევროკავშირისგან. მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგა მინისტრს ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერისთვის. საუბარი შეეხო ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალს და მის მნიშვნელობას, როგორც ძალიან მნიშვნელოვან პლატფორმას, რომელსაც საქართველო მიჰყავს ევროპისკენ და საქართველოს აახლოვებს ევროპასთან როგორც კანონმდებლობით, ასევე ინსტიტუციონალურად", - განაცხადა კვირიკაშვილმა.