"ისლამური სახელმწიფოს" სახელით გავრცელებულ ვიდეოში ოსტატურად არის გამოყენებული ყურანის ციტატები, საიდანაც სათავისო ინტერპრეტაციებია გაკეთებული და ძალადობისკენ მოწოდებებია, - ამის შესახებ "ქართველ მუსლიმთა კავშირის" ხელმძღვანელმა ტარიელ ნაკაიძემ "ისლამური სახელმწიფოს" სახელით გავრცელებული ვიდეოს კომენტირებისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, მუსლიმი მრევლის წინამძღვრები უნდა შეეცადონ აღნიშნული ციტატების განმარტებას და მრევლისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას.
"რა თქმა უნდა, ეს ციტატები არ გულისხმობს ძალადობას თავის რეალობაში. მუსლიმი მრევლის წინამძღვრები განსაკუთრებული მონდომებით უნდა შეეცადონ არა აღშფოთებითა და დაგმობით საქმის გამოსწორებას, არამედ ეს ფრაზები სწორად უნდა განმარტონ. დღეს არის დრო, როცა მუსლიმი მრევლის წინამძღვრები მაქსიმალურ დროს უნდა ატარებდნენ თავიანთ მრევლთან და სწორად აწვდიდნენ ინფორმაციას ისლამის შესახებ, რათა ასეთმა მიმართვებმა არ მოახდინოს ზემოქმედება მრევლზე", - აღნიშნა ტარიელ ნაკაიძემ.
მისივე თქმით, გარდა რელიგიური წინამძღვრებისა, საკითხის მიმართ განსაკუთრებული მიდგომები უნდა გამოიყენოს სახელმწიფომ. "მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი იმ თვალსაზრისით, რომ სახელმწიფომ აუცილებლად უნდა დაიცვას მუსლიმების უფლებები. კერძოდ, ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საკითხი, მოხეს მეჩეთის გადაცემის, სასწავლებელზე ღორის თავის მიკვრის და სხვა საკითხები კომპლექსური მიდგომებით უნდა გადაწყდეს. ხშირად მითქვამს, რომ შედეგების გარდა უნდა ვისაუბროთ მიზეზებზე. საიდან წარმოიშვა, რატომ მიდიან სირიაში, რამ აიძულათ ასეთი ქმედებებისკენ და სხვა. სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა აამოქმედოს სამართლებრივი ზომები და უნდა იყოს ფხიზლად", - განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.
ინტერნეტში ქართველი ხალხის მიმართ ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" სახელით მებრძოლების ვიდეომიმართვა გავრცელდა. ქართულ ენაზე მოსაუბრე პირები ქართველი ხალხის და საქართველოში მცხოვრები მუსლიმების მიმართ საუბრობენ. ისინი მუსლიმებს "ისლამური ხალიფატის" მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.