ამ ვიდეოთი პანიკას თესავენ, რომ ხალხი შეაშინონ, არავინ არ მოვა და არ აგვაფეთქებს, - ამის შესახებ ილია გობაძემ იმ ვიდეოს კომენტირებისას განაცხადა, სადაც მისი შვილი ხვიჩა გობაძე საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს "ისლამური სახელმწიფოს" სახელით მიმართავს.
ილია გობაძის თქმით, საქართველოს სახელმწიფოს არ უნდა ეშინოდეს ხუთი კაცის მუქარის, რადგან ამერიკა ჰყავს მხარდამჭერი, რუსეთი კი მისი მეზობელია. ილია გობაძე ამბობს, რომ მისი შვილი ფუნდამენტალური ისლამის მიმდევარია.
"ხუთი კაცის დამუქრების რა აშინებს ამ სახელმწიფოს მაშინ, როცა ამერიკა გვერდში უდგას და რუსეთი მეზობელია. რადიკალური შეხედულებებით არ გამოირჩეოდა ჩემი შვილი, ის ფუნდამენტური ისლამის მიმდევარია, იმ ისლამის მიმდევარია, რომელიც მუჰამედ შუამავალმა დატოვა. მოდას, რომელიც ისლამშია, უარყოფენ", - აღნიშნა ილია გობაძემ.
ის ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საკითხსა და ღორის თავის სამლოცველოს კარზე მიმაგრების საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოში მუსლიმები ვერ ცხოვრობენ ისე, როგორც ისლამის კანონებით ევალებათ.
"მუსლიმანი ვერ ცხოვრობს ისლამის მიხედვით. ღმერთმა კაცობრიობას გამოუგზავნა კანონები, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ამ ქვეყნად და როგორ მოვიგოთ ღმერთის გული და დავმკვიდრდეთ სამოთხეში. ტერორიზმი არის ძალადობა, კაცის მოკვლა არ შეიძლება, მაგრამ მუსლიმანს ღმერთმა მისცა უფლება, თუ გებრძვიან შენი რელიგიის, ქონების და სამშობლოს გამო, შეგიძლია იბრძოლო. ჩვენ არ გვებრძვიან, მაგრამ აგერ მეჩეთს არ გვაშენებინებენ, ღორის თავი მიაკრეს სამლოცველოს. ეს არ ამართლებს ჩემი შვილის გადაწყვეტილებას, მაგრამ მე ვამბობ ჩემს სატკივარს", - აღნიშნა ილია გობაძემ.