ინტერნეტში ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" სახელით ქართველი ხალხის მიმართ გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, "თავისუფალი დემოკრატები" უახლოეს პერიოდში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის შეკრებას ითხოვს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარემ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა განუცხადა, პირველ რიგში აუცილებლია მოხდეს შესაბამისი სამსახურების სრული მობილიზება, აღნიშნულ ვიდეოზე ასახული პირების სრული იდენტიფიცირების, მათი კავშირების, მათ მიერ საქართველოს დატოვების და შესაძლო შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრასთან დაკავშირებით.
"ჩვენ ასევე გვაქვს მოთხოვნა, უახლოეს პერიოდში შეიკრიბოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, რომელზეც ჩვენ დახურულ ან ღია ფორმატში შეხვედრა გვექნება აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ვნახავთ რა გეგმები გააჩნიათ მათ საფრთხეებთან დაკავშირებით, რაც დღეს არსებობს", _ დასძინა ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, კიდევ უფრო აუცილებელი ხდება ანტიტერორისტული სამსახურებისა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტისთვის ბიუჯეტის გაზრდა, რასაც "თავისუფალი დემოკრატების" დიდი ხანია ითხოვენ.
"უნდა გაორმაგდეს ის შესაძლებლობები, რაც ამ ქვედანაყოფებს გააჩნია. ჩვენ სამწუხაროდ, საზოგადოებამ არ ვიცით რას აკეთებს ხელისუფლება. ვერ ვიტყვი, რომ უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელის განცხადებები რაიმე იმედს აძლევს ჩვენს თანამოქალაქეებს, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ყველასთან ერთად ვიმუშაოთ, რათა ქვეყანაში უსაფრთხო გარემო იყოს. დღეს ტერორიზმმა აბსოლუტურად ყველა საზღვრები გადალახა და ამ გამოწვევას ადეკვატური პასუხი სჭირდება და არა ისეთი, როგორსაც გვთავაზობს დღეს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი", _ განაცხადა ჩიქოვანმა.
ინტერნეტში ქართველი ხალხის მიმართ ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" სახელით მებრძოლების ვიდეომიმართვა გავრცელდა. ქართულ ენაზე მოსაუბრე პირები ქართველი ხალხის და საქართველოში მცხოვრები მუსლიმების მიმართ საუბრობენ. ისინი მუსლიმებს "ისლამური ხალიფატის" მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ, საქართველოს კი "ხალიფატის" შემოსვლით ემუქრებიან.