ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ახალი მოძრაობის „საქართველოს განვითარების ფონდის" დამაარსებელმა პაატა ბურჭულაძემ შესაძლოა, დისკომფორტი იგრძნოს პოლიტიკაში მოსვლით.
ექსპერტს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილსა და პაატა ბურჭულაძის შეხვედრაზე საუბარი უჭირს, რადგან მისი თქმით, ბატონი პაატა ორი წელიწადია არ უნახავს.
"ჩემი მხრიდან არასერიოზული იქნება ბატონ პაატას შეხვედრებზე საუბრები, რადგან უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში არ შევხვედრივარ მას. უნდა მივადევნოთ თვალყური "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების შეფასებებს ბატონი ბურჭულაძის პოლიტიკაში მოსვლის პერსპექტივასთან დაკავშირებით. თუ ისინი გაღიზიანებულები იქნებიან ამით, მაშინ რაიმე სერიოზული კომუნიკაცია ამ თემებზე არ არის მოსალოდნელი, რომ ეს იყოს სწორედ ოდესაში საუბრის შედეგი. თუ ისინი აღტაცებულები იქნებიან, ამას საწინააღმდეგო შეფასება შეიძლება მიეცეს. ასეა თუ ისე, დამოუკიდებლობის ხარისხი საკმაოდ მაღალია და ვფიქრობ, თავადვე სხვაზე ადრე შეუძლია მიღოს გადაწყვეტილება ფორმულით - "სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს". ჯერჯერობით ამის საფუძველი არ გააჩნია, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ადამიანი, რომელიც ათეული წლების განმავლობაში განებივრებული იყო ტაშითა და ოვაციებით, შესაძლოა, დისკომფორტი იგრძნოს, როდესაც არაერთი უსაფუძვლო ინფორმაციის გავრცელების მოწმე გახდება", - განაცხადა ცისკარიშვილმა "პირWელთან" საუბარში.
კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს, რომ ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბურჭულაძის სახით საქართველოში ახალ პოლიტიკურ თანამოაზრეს ეძებს და სწორედ ამას ემსახურებოდა ეს შეხვედრაც, ცისკარიშვილი აცხადებს, რომ სრულიად ბუნებრივია, ასეც იყოს.
გაზეთმა „პრაიმტაიმმა“ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და საოპერო მომღერლის, პაატა ბურჭულაძის შეხვედრის ამსახველი ფოტო დღეს გამოაქვეყნა.
გამოცემის ინფორმაციით, „საქართველოს განვითარების ფონდის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ ახალი მოძრაობა ჩამოაყალიბა, მიხეილ სააკაშვილს ოდესაში აგვისტოში შეხვდა. ფოტოზე მათთან ერთად გადაღებულია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი გია ბარამიძე, რომელიც გამოცემასთან საუბარში აღნიშნულ შეხვედრას ადასტურებს, თუმცა, აცხადებს, რომ ოდესაში გამართული კონცერტის შემდეგ, მსოფლიო ბანმა სადილი გამართა, სადაც სააკაშვილიც იმყოფებოდა, მაგრამ მათ პოლიტიკაზე არ უსაბრიათ.
როგორც „პირWელისთვის“ გახდა ცნობილი, აღნიშნული ფოტო გადაღებულია ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში ოდესის აეროპორტის ახლოს, რესტორან „ხიჟინა“-ში.