„საქართველოს განვითარების ფონდის“ წევრის ვანო მაჭავარიანის განცხადებით, ის ფონდის დამფუძნებელ პაატა ბურჭულაძესა და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
გაზეთი „პრაიმტაიმი“ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და საოპერო მომღერლის, პაატა ბურჭულაძის შეხვედრის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს და მათი შეხვედრის შესახებ წერს.
გამოცემის ინფორმაციით, „საქართველოს განვითარების ფონდის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ ახალი მოძრაობა ჩამოაყალიბა, მიხეილ სააკაშვილს ოდესაში აგვისტოში შეხვდა. ფოტოზე მათთან ერთად გადაღებულია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი გია ბარამიძე, რომელიც გამოცემასთან საუბარში აღნიშნულ შეხვედრას ადასტურებს, თუმცა, აცხადებს, რომ ოდესაში გამართული კონცერტის შემდეგ, მსოფლიო ბანმა სადილი გამართა, სადაც სააკაშვილიც იმყოფებოდა, მაგრამ მათ პოლიტიკაზე არ უსაბრიათ.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ფოტო გადაღებულია ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში ოდესის აეროპორტის ახლოს, რესტორან „ხიჟინა“-ში.
"პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ექს-პრეზიდენტისა და პაატა ბურჭულაძის შეხვედრა, სავარაუდოდ ძმები მაჭავარიანების დაგეგმილი იყო. ვანო მაჭავარიანის განცხადებით კი, აღნიშნულ შეხვედრაზე არაფერი სმენია და თუ იყო კიდეც, ეს კონსპირაციების საფუძელს არ იძლევა.
„პაატა ბურჭულაძესა და მიხეილ სააკაშვილზე რაღაც სისულელეები რომ იწერება, მე რა შუაში ვარ. ის, რომ თითქოს ჩემი ხელშეწყობით დაიგეგმა ეს შეხვედრა, სიმართლეს არ შეესაბამება. „პრაიმტაიმს“ ახასიათებს ზოგადად, რომ რაღაცეები დააბრალოს ადამიანს. ჯერ იყო კიევში ვითომდა მარგველაშვილისა და სააკაშვილის შეხვედრა და ახლა ვითომდა სააკაშვილისა და ბურჭულაძის შეხვედრა. მე მიხეილ სააკაშვილთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს. არც იმ დროს მქონდა, როდესაც ის პრეზიდენტი იყო, რადგან მაქვს ჩემი პოზიცია მასთან დაკავშირებით. „პრაიმტაიმმა“ როგორც ადრე, ახლაც იცრუა. საუბარი დღეს ჩემ თემაზე უბრალოდ არასწორია. ამ შეხვედრაზეც არაფერი ვიცი. ბატონი პაატა უამრავ ადამიანს ხვდება საქმიანობიდან, საზოგადოებრივი როლიდან გამომდინარე. თუ რამე შეხვედრა იყო, არანაირი მსგავსი კონსპირაციების თეორიების საფუძველი ეს არ არის. დარწმუნებული ვარ, თემა არის გაბუქებული და ხელოვნურად შექმნილი“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ოპერის მომღერალის, „საქართველოს განვითარების ფონდის“ დამფუძნებლის პაატა ბურჭულაძის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. ფონდის კიდევ ერთი წევრი ხათუნა ლაგაზიძე.
„ამ შეხვედრის შესახე არაფერი ვიცი. თქვენგან გავიგე ახლა პირველად“, - განგვიცხადა ლაგაზიძემ.