სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის განცხადებით, წმინდა გიორგი საქართველოს სიმბოლო და მფარველია.
ამის შესახებ პატრიარქმა ქაშუეთის ტაძარში ქადაგებისას ბრძანა, სადაც გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა. პატრიარქმა გიორგობის დღესასწაული ხელისუფლების წარმომადგენლებს და მრევლს მიულოცა.
„თქვენო აღმატებულებავ ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო მინისტრებო, მამანო და ძმანო, დედანო და დანნო, ყველას გლოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს - გიორგობას. წმინდა გიორგი არის სიმბოლო საქართველოსი. წმინდა გიორგი არის მფარველი საქართველოსი. მრავალი განსაცდელი გამოუვლია საქართველოს, მაგრამ წმინდა გიორგის ლოცვით საქართველო გამოსულა გამარჯვებული. ჩვენ შევთხოვთ წმინდა გიორგის, რომ კვლავ დაიცვას და დაიფაროს საქართველო ხილული და უხილავი მტრებისაგან“, - ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქმა მრევლთან ერთად წმინდა გიორგის ლოცვა წარმოთქვა, შემდეგ კი მისი ცხოვრების ეპიზოდი გაიხსენა.
„როცა ჩვენ ვკითხულობთ წმინდა გიორგის ცხოვრებას ვხედავთ, რომ ბოროტება მუდამ ებრძოდა სიკეთეს, მაგრამ სიკეთე მუდამ იმარჯვებდა. აი როცა ადამიანს ჰგონია, რომ ის მიტოვებულია ხალხისაგან, ღვთისაგან, ჩვენ უნდა გვახსოვდეს რომ ზუსტად იმ დროს, როცა ჩვენ ამას ვფიქრობთ, რომ მიტოვებული ვართ, უფალი ჩვენთანაა, უფალი ჩვენს გვერდითაა. ჩვენს წინაშე არის ორი პიროვნება - იმპერატორი დიოკლეტიანე და წმინდა გიორგი. ერთი ძლევამოსილი და მეორე მხედარი, მაგრამ წმინდა გიორგი იმარჯვებს და დიოკლეტიანე ტოვებს თავის სამეფოს, მიდის თავის მამულში და როცა მას მისი მომხრეები, მხედართმთავრები, სთხოვენ, რომ დაბრუნდეს სამეფო ტახტზე, დიოკლეტიანე პასუხობს მათ - თქვენ რომ ნახოთ როგორი კომბოსტო მოვიყვანეო, თქვენ ამას აღარ მეტყოდითო. უკვე იმას ფიქრობდა ის, რომ კომბოსტოს მოყვანა უფრო მთავარი იყო ვიდრე მეფობა იმიტომ, რომ ალბათ ისიც დარწმუნდა, რომ ბოროტებას სისხლი არ ჰკურნავს. ბოროტებას ჰკურნავს მხოლოდ სიკეთე და სიყვარული. წმინდა გიორგის სიყვარული არ მოგიშალოთ ღმერთმა. დალოცვილი და გახარებული იყავით, თქვენთან ერთად ვულოცავ მთელს საქართველოს“, - აღნიშნა პატრიარქმა.
პატრიარქმა, პატივისცემის ნიშნად, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წმინდა გიორგის ხატი გადასცა.