პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქაშუეთის ტაძარში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით მიმდინარე წირვა-ლოცვას დაესწრო. პრემიერმა ტაძარძში შეკრებილ მრევლს გიორგობა მიულოცა.
ირაკლი ღარიბაშვილმა პატრიარქს წმინდა გიორგის ხატის ჩუქებისთვის მადლობა გადაუხადა.
"მინდა ყველას მივულოცო დღევანდელი დღე. ეს მართლაც განსაკუთრებული დღეა თითოეული ქრისტიანისთვის, მართლმადიდებლისთვის. ქართველებისთვის მართლაც განსაკუთრებული წმინდანია წმინდა გიორგი. როგორც პატრიარქმა აღნიშნა განსაკუთრებით მძიმე დროს, ჩვენ არაერთი ბრძოლა მოგვიგია წმინდა გიორგის შეწევნით და დახმარებით და სწორედ წმინდა გიორგი არის ჩვენთვის სიმბოლო გამარჯვების, ბოროტების დამარცხების. მინდა ყველას გისურვოთ ბოროტების სიკეთით და სიძულვილის სიყვარულით დამარცება, მხოლოდ ამით შეგვიძლია გავაერთიანოთ საკუთარი ერი და სამშობლო", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქაშუეთის ტაძარში წირვა-ლოცვა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესი და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.