პრეზიდენტს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციები გააცნეს

პრეზიდენტს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციები გააცნეს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. 
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს ეკონომიკის მიმდინარე საკითხები განიხილეს და ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. მხარეებმა ასევე ქვეყნის მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის საკითხებზე იმსჯელეს. 
საუბარი ასევე შეეხო სტრუქტურულ რეფორმებს, მათ შორის, საპენსიო რეფორმას, დეპოზიტების დაზღვევის სისტემას, კაპიტალის ბაზრის განვითარებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში დაგროვებას, ეკონომიკურ ზრდასა და ქვეყნის განვითარებას. 
ქვეყნის პირველ პირს მისიის ხელმძღვანელმა მარკ გრიფიტსმა საქართველოში მისიის საქმიანობა და ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის უზრუნველყოფის მიმართულებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციები გააცნო. მარკ გრიფიტსის განცხადებით, მისიამ ორი კვირის მანძილზე მიმდინარე მოლაპარაკებებზე პოზიტიურ შედეგებს მიაღწია.