ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ ბრიჯიტ ბრინკმა საქართველოში ვიზიტი შეაჯამა. როგორც ჟურნალისტებს ბრინკმა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" განუცხადა, მთელი რიგი შეხვედრები გამართა საქართველოს ოფიციალურ პირებთან, მათ შორის, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან და ოპოზიციურ პარტიებთან.
"ჩემი გზავნილი არის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ძალისხმევას, რომ ჰქონდეს პროგრესი ევროკავშირთან მიმართებაში. მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის საკითხებზე. ვუჭერთ მხარს საქართველოს როლის გაძლიერებას, როგორც რეგიონში სატრანსპორტო ცენტრის. ამერიკის შეერთებული შტატები ერთგულია ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების, რომლის მიხედვითაც საქართველო გახდება ნატოს წევრი. ჩვენ საქართველოს ძალისხმევას ამ მხრივ ყველანაირად მხარს ვუჭერთ. მიგვაჩნია, რომ დამატებითი რეფორმები მხოლოდ გააძლიერებდა საქართველოს", - განაცხადა ბრინკმა.
მისივე თქმით, შეხვედრებისას ჰქონდა საუბრები, თუ როგორ არის შესაძლებელი აშშ-მ ხელი შეუწყოს და დაეხმაროს საქართველოს რეფორმების განხორციელებაში იმისთვის, რომ საქართველომ გადადგას წინ ნაბიჯები ევროპასა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დასაახლოებლად.
ამასთან, ბრინკმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელით მადლიერება გამოხატა საქართველოსადმი იმ წვლილის გამო, რომელსაც ქვეყანა იღებს ავღანეთში მიმდინარე მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფარგლებში. მისივე თქმით, მისი სტუმრობა თბილისში არის გაგრძელება იმ შეხვედრების, რომლებიც გაიმართა ვაშინგტონში.
"ჩემი სტუმრობა თბილისში არის გაგრძელება იმ შეხვედრების, რომელსაც ადგილი ჰქონდა ვაშინგტონში. პირველ რიგში, ეს იყო სავაჭრო დიალოგის და სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში გამართული ორმხრივი შეხვედრები, ამერიკელ და ქართველ მაღალჩინოსნებს შორის 30 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე. ეს იყო დემოკრატიის საკითხებში კომისიის შეხვედრა, ასევე სახალხო დიპლომატიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრები", - განაცხადა ბრიჯიტ ბრინკმა. მისივე თქმით, მოხარულია, რომ კვლავ იმყოფება საქართველოში.