ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი სასტუმრო "თბილისი მარიოტში" "თავისუფალი დემოკრატების" წევრებს შეხვდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა განუცხადა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო როგორც საგარეო, ასევე შიდა საკითხებს.
"ჩვენ ვისაუბრეთ როგორც საშინაო პოლიტიკის საკითხებზე, ისე საგარეო ურთიერთობებზე. ასევე აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე. ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოში დემოკრატიის განვითარების კუთხით, ვისაუბრეთ პრობლემებზე, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში, ასევე ვისაუბრეთ ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობასა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების თვალსაზრისით ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე", - განაცხადა პეტრიაშვილმა.
მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოში დემოკრატიის პროცესებზე დაკვირვებას. "სრული და მტკიცე მხარდაჭერა მივიღეთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოში დემოკრატიულ პროცესებზე მნიშვნელოვან და ყურადღებით დაკვირვებას და მათი მხრიდან იქნება სრული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.