პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა.
მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებასა და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს.
"ბრიჯიტ ბრინკის სტუმრობა მნიშვნელოვანია საქართველოში. იგი ჩამობრძანდა სწორედ ერთი კვირის შემდეგ, რაც დასრულდა ვაშინგტონში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი - მოგეხსენებათ, წინა კვირას სტრატეგიული პარტნიორობის ეგიდით სამუშაო ჯგუფების შეხვედრა გაიმართა. ძალიან სასარგებლო და ნაყოფიერი მუშაობა იყო. მეც მომიწია ამ დროს იქ ყოფნამ და ამ პროცესს ვესწრებოდი. ასე რომ, ყველა მიმართულებით, დემოკრატიის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, კულტურის, განათლების და ყველა სხვა მიმართულებით, ჩვენ გვაქვს შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის ძალიან კონკრეტული გეგმა და სტრატეგია და ამას მივყვებით. რაც შეეხება ქალბატონი ბრიჯიტის სტუმრობას, იგი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებშია ჩამობრძანებული. ასე რომ, გაეცნობა აქ, ადგილზე ვითარებას კიდევ და ჩვენ უკვე ვემზადებით გაზაფხულისთვის, როდესაც სტრატეგიული პარტნიორობის ეგიდით, საქართველოში მაღალი დონის შეხვედრები ჩატარდება", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.