პროკურატურის სისტემაში დაწყებულ პროცესში ძველი ხელმძღვანელის არმონაწილეობა იმაზე მიუთითებს, რომ სხვა სიახლეებია საჭირო , - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბარისას პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გააკეთა.
უსუფაშვილი ამბობს, რომ უკეთესობისაკენ ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას ყველა იზიარებს. "პროკურატურის შესახებ" კანონთან დაკავშირებით პარლამენტმა ის ცვლილებები მიიღო, რაც ამ ეტაპზე იყო შესაძლებელი, საჭირო და აუცილებელი. არც ერთი კანონი ბოლომდე სრულყოფილი არ არის და შეუძლებელია ვინმემ თქვას: მორჩა, კანონის მეტად გაუმჯობესება შეუძლებელია. რაც შეეხება არსებულ მოდელს, ჩემი აზრით, ეს არის მნიშვნელობანი ნაბიჯი წინ იმ რელობიდან, საიდანაც მოვდივართ. თუკი იქნება დასაბუთება იმისა, რომ კიდევ მეტი ნაბიჯებია საჭირო, ამასაც განვიხილავთ. ვხედავ იმას, რომ პროკურატურის სისტემაში ცვლილებების საჭიროება გააზრებულია ყველას მხრიდან, ვინც პროცესში მონაწილეობდა. მოქმედი მთავარი პროკურორი ამ პროცესის მონაწილე არ არის - როგორც თავისი სურვილით, ასევე როგორც ჩანს, სხვების შეხედულებითაც. პროკურატურის სისტემაში უკეთესობისკენ ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას იზიარებს ყველა და ძველი ხელმძღვანელის ამ პროცესში აღარ მონაწილეობა იმაზე მიუთითებს, რომ სხვა სიახლეებია საჭირო", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.
კითხვაზე, უჭერს თუ არა პირადად მხარს მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას, უსუფაშვილმა კონკრეტული პასუხის გაცემისაგან თავი შეიკავა.
"არ არის სწორი, დავასწრო მოვლენებს და პირველმა ვილაპარაკო იმის თაობაზე, რა და როგორ მოხდება პარლამენტში. ჩვენ საკითხს დადგენილი პროცედურების შესაბამისად განვიხილავთ და კენჭს ვუყრით წარმოდგენილ კანდიდატურას, ხოლო კენჭისყრა ამ შემთხვევაში ფარულია. ამასაც ანგარიში უნდა გავუწიოთ", - ამბობს უსუფაშვილი.
კითხვაზე, საპროკურორო საბჭოს მიერ მთავარ პროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურის შერჩევა მოხდა თუ არა პოლიტიკური ნიშნით, უსუფაშვილმა განმარტა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.
"მაინტერესებს, რას ნიშნავს არაპოლიტიკური გადაწყვეტილება? თუ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ კანდიდატურის არჩევის პროცესში მთავრობა მონაწილეობს, ვინც არ უნდა შეარჩიოს მთავრობამ – იქნება ის შოთაძე თუ პეტრიაშვილი, ასეთი კითხვა მაინც დაისმება. ცოტა არ მესმის, როგორ უნდა წარიმართოს მთელი ეს პროცესი კანონით ისე, რომ ვინმე ამ კითხვას არ მიადგეს, ვისაც ასეთი კითხვის დასმის სურვილი აქვს. მთავრობა სწორედ პოლიტიკურად არის პასუხისმგებელი ამ ქვეყანაზე – მიიღოს სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებები ფინანსურ საკითხებზე, ქონებრივ საკითხებზე, საკადრო, საგარეო პოლიტიკის საკითხებზე და ასე შემდეგ", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.