ჩვენს ამერიკელ კოლეგებს აქვთ ძალიან სწორი და ზუსტი წარმოდგენა იმ მოვლენებზე, რომელიც ვითარდება ქვეყანაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიგი წერეთელმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილესთან, ბრიჯიტ ბრინკთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის ოპოზიციის მიმართ მთავრობის დამოკიდებულებას.
"ჩვენ შევეხეთ ყველა იმ ძირითად საკითხს, რომელიც მნიშვნელოვანია მიმდინარე პერიოდში საქართველოში. ბრიჯიტ ბრინკი ძალიან კარგად იცნობს სიტუაციას. ჩვენ გვქონდა საუბარი არა წარსულზე, არამედ მომავალზე. მომავალში მნიშვნელოვანია საქართველოში იყოს შესაბამისი საარჩევნო გარემო, ყველას ჰქონდეს საშუალება მშვიდობიან არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ვისაუბრეთ საარჩევნო კანონმდებლობასა და მთავრობის დამოკიდებულებაზე ოპოზიციის მიმართ. ვფიქრობთ, რომ ჩვენს ამერიკელ კოლეგებს ძალიან სწორი და ზუსტი წარმოდგენა აქვთ იმ მოვლენებზე, რომელიც ქვეყანაში ვითარდება", - განაცხადა გიგი წერეთელმა.