„ჩვენ არ ვეთანხმებით რუსეთის პოზიციას უკრაინასთან და საქართველოსთან დაკავშირებით“

„ჩვენ არ ვეთანხმებით რუსეთის პოზიციას უკრაინასთან და საქართველოსთან დაკავშირებით“

ბერნან კუშნერის განცხადებით, საფრანგეთი არ ეთანხმება რუსეთის პოზიციას საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებაში, მაგრამ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ვლადიმერ პუტინთან ერთად ახორციელებს ქმედებებს.

ამის შესახებ საფრანგეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტებთან და პროფესორებთან შეხვედრაზე განაცხადა.

საუბრის დაწყებამდე შეხვედრის მონაწილეებმა საფრანგეთის 13 ნოემბრის ტერაქტში დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

ბერნან კუშნერმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება სწორედ ტერორიზმის საფრთხეებზე გაამახვილა.

„ტერაქტის დროს 129 ადამიანი გარდაიცვალა. ეს ადამიანები იყვნენ კაფეებში, კონცერტებზე და ეს საშინელებაა. თქვენ ნახავთ, თუ რა შედეგები მოჰყვება ამას და რა ძლიერი იქნება ჩვენი ქვეყანა, რომელიც ამ ყველაფერს წინააღმდეგობას გაუწევს. რატომ დაგვესხნენ თავს ისინი? ისინი ამით თავს დაესხნენ არა მხოლოდ საფრანგეთს, არამედ თანამედროვე მსოფლიოს, დემოკრატიულ საზოგადოებას. ჩვენ შემწყნარებლები ვართ რელიგიის მიმართ. ჩვენ ქვეყანაში მილიონობით მუსულმანი ცხოვრობს, ხოლო რელიგიის გამოყენება, რომ სისხლით გაიკვალო გზა, მიუღებელია“, - განაცხადა ბერნარ კუშნერმა.

კუშნერმა აღნიშნა ისიც, რომ მსოფლიო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას რუსეთთან ერთად აპირებს.

„ჩვენ ვაპირებთ რუსეთთან ერთობლიობაში ვიბრძოლოთ. იმისთვის, რომ ვიყოთ ეფექტურები, რათა „ისლამურ სახელმწიფოს“ შევუტიოთ, გვჭირდება ერთობლივი ძალისხმევა. უკრაინას და საქართველოს რაც შეეხება, არ ვეთანხმებით რუსეთის პოზიციას, მაგრამ პუტინთან ერთად ვახორციელებთ ქმედებებს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლა შეთანხმებული იყოს. გუშინ „ისლამური სახელმწიფოს“ დედაქალაქ რაქაზე ერთობლივად იყო შეტევა განხორციელებული. შეიძლება თვეები და წლები დასჭირდეს, რომ ჩემს ქვეყანაზე, მე ვიტყოდი ფაშისტური შეტევა აღიკვეთოს“, - აღნიშნა კუშნერმა.

ცნობილი დიპლომატის თქმით, პრობლემაა ის, რომ ისლამურ სახელმწიფოში სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის საფრანგეთის მოქალაქეებიც წევრიანდებიან.

„ისლამურ სახელმწიფოში“ 1000-ზე მეტი ფრანგია გაერთიანებული. საინტერესოა, რატომ ექცევიან ამ პროპაგანდაში. ალბათ ნაწილობრივ ჩვენი ბრალია. ალბათ ჩვენ არ შევთავაზეთ მათ საკმარისი რომანტიზმი, სულიერი საზრდო“, - განაცხადა ბერნარ კუშნერმა.