საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილეს, ბრიჯიტ ბრინკის შეხვდა.
როგორც "პირWელს" პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და მიმდინარე საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს.
საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობას, მათ შორის აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში. აღინიშნა, რომ აშშ-ი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და მხარეები ყველაფერს გააკეთებენ, რათა ეს ურთიერთობა კიდევ უფრო განმტკიცდეს.
ხაზი გაესვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში მიღწეულ პროგრესს და ქვეყანაში გატარებულ მნიშვნელოვან რეფორმებს.
შეხვედრაზე საერთაშორისო გლობალური უსაფრთხოების საკითხებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ნატო-ს მისიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე. ბრიჯიტ ბრინკის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები დიდად აფასებს საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს საერთაშორისო მისიებში. საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბრიჯიტ ბრინკს აშშ–ის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში თანადგომისთვის და იმედი გამოთქვა, რომ არსებული თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იან კელი დაესწრნენ.