"სქემა რამდენიმენაირია, ანუ თაღლითები ფანტაზიას არ უჩივიან "

პატარაა საქართველო, პატარა... ყველა ყველას იცნობს და სწორედ ამიტომ, თითოეულ ჩვენთაგანს ჰყავს ნაცნობი თუ ახლობელი, რომელმაც თაღლითების გამო უძრავი ქონება (ძირითადად ბინა) დაკარგა. სქემა რამდენიმენაირია, ანუ თაღლითები ფანტაზიას არ უჩივიან და სამწუხაროდ, ადამიანები საცხოვრებლის გარეშე რჩებიან.

ზაზა ხ.-ყველაფერი თითქოს ჩვეულებრივად დაიწყო - ერთ დღეს ჩემთან უახლოესი მეგობარი მოვიდა და რამდენიმე კვირით ფულის სესხება მთხოვა. საუბარი 25 ათას დოლარზე იყო და რადგან ეს თანხა არ მქონდა, ახლობელი კი პრაქტიკულად თავის მოკვლის ზრვარზე იყო, გადავწყვიტეთ ჩემი სახლი დაგვეგირავებინა. საუბარი მაქსიმუმ ორ თვეზე იყო. შემდეგ საქმეში გარკვეული ადამიანების ჯგუფი ჩაერთი, რომელიც ახლობელმა იურისტებად და მეგობრებად გამაცნო. მათ ჩემს თვალწინ, ჩემი ახლობლის ხათრით, თავიანთი ხარჯებით სასწრაფოდ მოაწესრიგს იპოთეკით დასატვირთი ქონების დოკუმენტაცია და პარალელურად ეს პირები ჩვენ გვათანხმებდნენ სესხის პირობებზე. თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, რადგან ძალიან შინაურული სიტუაცია შეიქმნა. რამდენიმე საათში ყველაფერი მოგვარდა და სწორედ ამ დროს დავუშვი უპატიებელი შეცდომა. ახლობელმა პირდაპირ მთხოვა, საჯარო რეესტრში წამომყევი, ერთ საბუთზეა ხელი მოსაწერიო. რადგან იქ ყველაფერი წაკითხული მქონდა, ხელიც ისეთ საბუთებზე მქონდა მოწერილი, რომელიც ბინას არანაირ საფრთხეს არ უქადდა, მშვიდად გავყევი.

იქ მისულებს უამრავი ქაღალდი დაგვხვდა და ამ დროს მითხრა, ეგებ არ დაიკეტოს, მოვასწროთო და ვეღარ ვაკადრე, წავიკითხავ მეთქი. წაუკითხავად მოვაწერე ხელი და როგორც მერე გავიგე, ეს არა იპოთეკის ხელშერკულება, არამედ ხელშეკრულება ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით, იყო. ანუ ხელი მოვაწერე ქონების გაყიდვაზე. ამის საფუძველზე ქონება დარეგისტრირდა მყიდველის სახელზე. ამავე დოკუმენტით თურმე მე ყოფილი მესაკუთრე გავხდი და საკუთარი ქონების გამოსყიდვისთვის 2-თვიანი ვადა მქონდა. ამავე დოკუმენტში არ ფიქსირდება მსესხებელი, გამსესხებელი და შუამავალი...

რა ხდება რეალურად? ამ დოკუმენტით ქონების მესაკუთრის ახლობელი `ნასესხებ თანხას  არაოფიციალურად სესხულობს, სამაგიეროდ, თუკი იგი ხელშეკრულებით (ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით) დადგენილ ვადაში თანხას არ გადაიხდის, ეს ქონება საკუთრების უფლებით რჩება არაოფიციალურ გამსესხებელს, რომელსაც დოკუმენტებით მყიდველი ჰქვია (ამ პროცესის კიდევ ერთი უარყოფითი მხარე არის ის, რომ ქონების მესაკუთრესთან შეტყობინება არ მიდის იმის შესახებ, რომ ქონება ხელმოწერისთანავე გადაფორმებულია ვიღაც გამსესხებელზე და 2 თვის შემდეგ მას თავისივე ქონების გამოსყიდვის უფლებაც ერთმევა.

ისევ ზაზა ხ. `პროცესიდან 3-4 თვის შემდეგ, ჩემი ქონების ახალმა მესაკუთრემ მომაკითხა, რომელმაც სახლის დაცლა მომთხოვა. თავიდან გამეცინა, მაგრამ შემდეგ, როცა საბუთები მანახა, მივხვდი, რომ მას ამის იურდიული უფლება ჰქონდა, რადგან ჩემი სახლი უკვე მისი იყო.

რაღა თქმა უნდა, მაშინვე ახლობელთან გავიქეცი, იმან კიდევ იმ `ახლობელი იურისტებისკენ~ გაიშვირა ხელი, მეც მომატყუეს და შენც და დაიკარგნენო. რა თქმა უნდა, არ დავუჯერე და ფული მოვთხოვე, მაგრამ თავი შორს დაიჭირა, მეც მოტყუებული ვარო და როცა საქმე ხელჩართულ ჩხუბამდე მივიდა, პოლიცია გამოიძახა. საქმე აღიძრა და ჩემს მიერ ხელმოწერილი საბუთი დამიდეს წინ. რა უნდა მექნა? ახალ მფლობელს ერთი კვირა ვთხოვე, ბინა ვიქირავე და სამ შვილთან ერთად ახლა ერთ ოთახში ვცხოვრობ...~

ეს ფაქტი ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ დღეს უძრავი ქონების ბაზარ მოუწესრიგებელია და და არ ჩანს რეალური მოთამაშე, რომელსაც მიმართავ და რომელიც პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებს.

ლევან ღვინიაშვილი