"რუსულმა მხარემ დაადასტურა მზადყოფნა, რომ გააგრძელოს სავიზო პროცედურების გამარტივებაზე მუშაობა"

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსული მხარე პრაღაში გამართულ ქართულ-რუსული დიალოგის მორიგ შეხვედრას დადებითად აფასებს.

როგორც რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მოლაპარაკებების დროს, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი იღებდნენ, განხილული იყო სხვადასხვა საკითხები, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო პროცედურების გამარტივება.

"დიალოგი გაგრძელდა ქართულ-რუსული ურთიერთობების ნორმალიზაციის საკითხთან მიმართებაში იმ სფეროებში, სადაც დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია პროგრესი, კერძოდ, ეკონომიკისა და ვაჭრობის, ტრანსპორტის, ჰუმანიტარული თანამშრომლობის.

კმაყოფილებით აღნიშნა, რომ მიუხედავად არასასურველი მაკროეკონომიკური გარემოსი, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მოცულობის შემცირება უმნიშვნელო იყო. დადებითი როლი ამ კუთხით საქართველოს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პრაგმატულმა დამოკიდებულებამ ითამაშა და ასევე, საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის მიუხედავად, რუსეთის მიერ დაცვითი ღონისძიებების არგამოყენებამ", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის მიმართულებით სატვირთო და სამგზავრო ტრანსპორტის დინამიური ზრდა შეინიშნება. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები სატრანსპორტო სფეროში არსებული პრობლემების შემსუბუქებასთან დაკავშირებით.

რუსულმა მხარემ დაადასტურა მზადყოფნა, რომ გააგრძელოს რუსეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო პროცედურების გამარტივებაზე მუშაობა.

მიუხედავად პრინციპულ პოლიტიკურ პრობლემებსა და მიდგომებში არსებული განსხვავებული შეხედულებებისა, რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრაღის შეხვედრების საქმიანი მოლაპარაკებები საშუალებას იძლევა ორმხრივი ურთიერთობების პრაქტიკული საკითხები წარმატებით გადაწყდეს.

მხარეებმა ერთხმად დაადასტურეს, რომ დამოუკიდებელი ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი მნიშვნელოვანი ფაქტორია სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის.