"საქართველოს განვითარების ფონდის" დამფუძნებელი ირაკლი ალასანიასთან და ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციებს არ უარყოფს, - ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ "საქართველოს განვითარების ფონდის" დაფუძნების შემდეგ, "თბილისი მარიოტში" ჟურნალისტების იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ჰქონდა თუ არა კონსულტაციები ყოფილ პრემიერთან და "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერთან.
"მე კონსულტაციები ყველასთან მქონდა", - აღნიშნა ბურჭულაძემ.
გარდაიქმნება თუ არა "საქართველოს განვითარების ფონდი" პოლიტიკურ ძალად და აპირებს თუ არა პოლიტიკაში წასვლას, პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ამას ცხოვრება აჩვენებს.
"არასოდეს მიფიქრია, ვყოფილიყავი ოპერის მომღერალი, თუმცა, ცხოვრებამ მე მომცა შანსი და მე გამოვიყენე. მე მინდოდა, ვყოფილიყავი ქველმოქმედი, თუ რაიმე მოხდება და ცხოვრება მანახებს, რომ ჩემი გზა პოლიტიკაა, მე ამას გავაკეთებ", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატურას, პაატა ბურჭულაძის თქმით, ამის შესახებ დეტალურად ფონდის პრეზენტაციაზე ისაუბრებს, რომელიც დეკემბერში გაიმართება.
"დღეს ჩამოყალიბდა ფონდი, მე ვახორციელებ შეხვედრებს, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე - შიგნით. ფონდი იმიტომ ჩამოყალიბდა, რომ გაჩნდა იდეა, ადამიანზე იყოს ზრუნვა და კეთილდღეობა, სწორედ ამის გარშემო შეიქმნა ფონდი, დანარჩენს ფონდის პრეზენტაციაზე მოგახსენებთ", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
პაატა ბურჭულაძის ინფორმაციით, მან გააუქმა ყველა საკონცერტო კონტრაქტი და ეს იმიტომ გააკეთა, რომ ფონდი გაძლიერდეს.