ნინო გოგუაძე - წულუკიანი ადეიშვილის კვალს დაადგა

ნინო გოგუაძე - წულუკიანი ადეიშვილის კვალს დაადგა

"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის, ნინო გოგუაძის განცხადებით, თეა წულუკიანმა შეასრულა ქვეყნის ფაქტობრივი მმართველის ბრძანება და კაბელების საქმით სახელგანთქმული ირაკლი შოთაძე ქვეყნის გენერალურ პროკურორად დანიშნა. მისი თქმით, "ის "არათავისუფალი" დემოკრატები, რომლებიც ერთი წლის წინ დარჩნენ კოალიციაში, მართლაც ექაჩებიან ქვეყანას უკან.
"წულუკიანი ადეიშვილის კვალს დაადგა. "ის "არათავისუფალი" დემოკრატები, რომლებიც ერთი წლის წინ დარჩნენ კოალიციაში, მართლაც ექაჩებიან ქვეყანას უკან. ყველაზე ნათლად ეს გამოჩნდა პროკურორის ვითომ შერჩევის პროცესში, როდესაც თეა წულუკიანმა რეალურად შეასრულა ქვეყნის ფაქტობრივი მმართველის ბრძანება და კაბელების საქმით სახელგანთქმული ირაკლი შოთაძე ქვეყნის გენერალურ პროკურორად დანიშნა. ასე რომ, მთელი ის რეფორმა, რითაც თეა წულუკიანს ასე მოაქვს თავი, სინამდვილეში აბსოლუტური ფარსია. იგი პირდაპირ იმეორებს ადეიშვილის ქმედებებს და მისი ძალისხმევით საქართველომ მიიღო შოთაძის პროკურატურა და ურთმელიძის სასამართლო", - განაცხადა ნინო გოგუაძემ. 
სამწუხაროდ, "თავისუფალი დემოკრატების" პარტიის ერთი ნაწილი უკან სვლის რეჟიმშია, პარტიას უკან ექაჩება და განვითარების საშუალებას არ აძლევს , - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "თავისუფალი დემოკრატების" ახალგაზრდული ფრთის მიერ იუსტიციის სამინისტროს წინ გამართული აქციის კომენტირებისას განაცხადა. ახალგაზრდა "თავისუფალმა დემოკრატებმა" მთავარი პროკურორობის ერთ-ერთ კანდიდატად ირაკლი შოთაძის წარდგენა გუშინ გააპროტესტეს. 
"რაც შეეხება ჩემი ყოფილი პარტიის აქციას, დასანანია, რომ მათ მოუწიათ თავიდან ამ აქციის გამართვა იუსტიციის სახლთან და მერე გაიგეს, რომ თურმე იუსტიციის მინისტრი იუსტიციის სამინისტროში ზის. მაგრამ, ალბათ, ამაშიც დაიხვეწებიან მომავალში. როგორც ჩანს, შეეტყოთ  ჩემი პარტიიდან წასვლა, აღარ იციან, სად ვზივარ. რაც შეეხება თვითონ სლოგანებს ამ აქციისა, მე ვხედავ, რომ სამწუხაროდ, "თავისუფალი დემოკრატების" პარტიის ერთი ნაწილი უკან სვლის რეჟიმშია, პარტიას უკან ექაჩება და არ აძლევს განვითარების საშუალებას", - განაცხადა თეა წულუკიანმა. 
როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, როდესაც ის იყო პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წევრი,  იუსტიციის სამინისტროს კიბეებზე  მოუწყვია აქცია ზურაბ ადეიშვილის წინააღმდეგ გირგვლიანის საქმეზე. 
"დღეს "თავისუფალი დემოკრატების" პარტიის ერთი ნაწილი აქციას აწყობს და აპროტესტებს იმ უპრეცედენტოდ დადებით მოვლენას, რაც არის მთავარი - პროკურორის გამჭვირვალე წესით შერჩევა. თქვენ თვითონ შეადარეთ და გააკეთეთ შეფასება", - განაცხადა თეა წულუკიანმა.