ბერნარდ კუშნერი - ფრანგი ხალხის რეაქცია იქნება ძალიან თანმიმდევრული არა მხოლოდ თავდაცვის, არამედ თავდასხმის ნაწილშიც

ბერნარდ კუშნერი - ფრანგი ხალხის რეაქცია იქნება ძალიან თანმიმდევრული არა მხოლოდ თავდაცვის, არამედ თავდასხმის ნაწილშიც

არ უნდა დაგავიწყდეთ 13 ნოემბერი, პარასკევი, ეს იქნება კრიტიკული წერტილი, - ამის შესახებ საფრანგეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარდ კუშნერმა საფრანგეთში მომხდარი ტერაქტების კომენტირებისას ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. 
როგორც კუშნერმა აღნიშნა, ფრანგი ხალხის რეაქცია იქნება ძალიან თანმიმდევრული არა მხოლოდ თავდაცვის, არამედ თავდასხმის ნაწილშიც.
"რა თქმა უნდა მსოფლიო შეიცვალა, მაგრამ ჩვენ ჯერ ბოლომდე არ ვიცით რამდენად ღრმა არის ეს ცვლილება. ჩვენ არ ვიცით რამდენად სასტიკნი არიან ეს ბარბაროსები. იმ შეტევის შედეგად, რომელიც მათ განახორციელეს, დაიღუპნენ ახალგაზრდები. ეს მოხდა იმიტომ, რომ მათ უნდათ შეიცვალოს ჩვენი სამყარო და გვთავაზობენ რაღაც შუასაუკუნეობრივ რეგრესს. ეს რა თქმა უნდა მიუღებელია და ამაზე საკმაოდ სერიოზული რეაგირება იქნება. თქვენ ნახეთ საფრანგეთის პრეზიდენტის რეაქცია, ასევე პარლამენტის და მინდა გითხრათ, რომ ფრანგი ხალხის რეაგირება გაგაოცებთ. ეს იქნება ძალიან თანმიმდევრული არა მხოლოდ თავდაცვის თვალსაზრისით, არამედ თავდასხმის ნაწილშიც", – განაცხადა ბერნარდ კუშნერმა. 
მისივე თქმით, საფრანგეთს მხარში უდგანან ევროკავშირის სხვა ქვეყნებიც და დემოკრატიულმა სამყარომ უნდა დაიცვას დემოკრატიული სისტემა, რომელიც მას აქვს. კუშნერმა აღნიშნა, რომ საფრანგეთს დრო დასჭირდება, მაგრამ ეტაპობრივად გადალახავს იმ ტკივილს, რომელიც პარიზში განხორციელებული ტერაქტების შედეგად მიიღო.