მთავრობის ადმინისტრაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის, ქვეყნის პირველი პირის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაგზავნილი ოთხი მიმართვიდან არც ერთზე პასუხი არ გაუცია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე აცხადებს.
კვერენჩხილაძე აღნიშნულ მოცემულობას "სამწუხაროს" უწოდებს და მთავრობას სახელმწიფო ხელისუფლების ერთიანობის, სახელმწიფო ორგანოთა შორის თანამშრომლობის და კოლეგიალობის პრინციპებს შეახსენებს.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ადასტურებს, რომ პრეზიდენტის მიმართვებზე საპასუხოდ მთავრობას კანონმდებლობით კონკრეტული ვადები დაწესებული არ აქვს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ არსებობს "გონივრული ვადის და კანონის ანალოგიის პრინციპები".
"უკვე თვეზე მეტია გასული მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით მთავრობას თხოვნით მიმართა მინისტრთა კაბინეტის უახლოესი სხდომის დღის წესრიგში გათვალისწინებული ყოფილიყო საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგომატარებლების ტრანზიტის სფეროში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხი. ამ წერილზე პასუხი დღემდე არ მიგვიღია და არა მხოლოდ ამ წერილზე. წელიწადზე მეტი ხნის წინ პრეზიდენტმა ასევე მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელების მიზნით მთავრობას უახლოესი სხდომის დღის წესრიგში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების და ნატოსთან არსებითი პაკეტის ინპლემენტაციის პროცესის მიმდინარეობის საკითხის გათვალისწინების თხოვნის უზრუნველყოფითაც მიმართა, თუმცა რეაგირება არც მას მოჰყოლია. მეტიც, დაახლოებით 10 თვის წინ აღმასრულებელ ხელისუფლებას კვლავ შევახსენეთ მთავრობის სხდომაზე აღნიშნული საკითხის გათვალისწინების წინადადება, მაგრამ, სამწუხაროდ, პასუხი ისევ არ მიგვიღია. გარდა ამისა, დაახლოებით 2 თვის წინ პრეზიდენტმა მთავრობას შესათანხმებლად წარუდგინა სემეკის წევრობის ვაკანტურ თანამდებობებზე ორი კანდიდატურა, რასაც ასევე ამ დრომდე არ მოჰყოლია რეაგირება.
პასუხისთვის კონკრეტული ვადები, რა თქმა უნდა, კონსტიტუციით დადგენილი არ არის (იდეაში ეს ვადები მთავრობის რეგლამენტით უნდა იყოს განსაზღვრული, თუმცა ასე არაა), თუმცა უნდა ითქვას, რომ ზოგადად არსებობს გონივრული ვადის პრინციპი, კანონის ანალოგიის პრინციპი, არსებობს სამართლის ანალოგიის პრინციპი ანუ, როდესაც მსგავს საკითხზე ვადა არის დადგენილი და კონკრეტულ სხვა საკითხზე - არა, შეგიძლია ანალოგიურ საკითხთან დაკავშირებით დადგენილი ვადით იხელმძღვანელო. მაგალითად კონტრასიგნაციაზე, რომელიც პრეზიდენტის და მთავრობის ურთიერთობის ერთ-ერთი შემადგენელი მექანიზმია, არსებობს 10 დღიანი ვადა. შეგიძლია იხელმძღვანელო ამ ვადით. აქედან გამომდინარე, მე ვერ ვიტყოდი, რომ ამ შემთხვევაში ვადის დარღვევა არ ხდება. გარდა ამისა, არსებობს სახელმწიფო ხელისუფლების ერთიანობის პრინციპი, სახელმწიფო ორგანოთა შორის თანამშრომლობის პრინციპი და კოლეგიალობის პრინციპი. მხოლოდ ამის თქმა შემიძლია ამ საკითხზე", - განაცხადა კვერენჩხილაძემ.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა, რომ ენერგოუსაფრთხოების საკითხის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განხილვის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წერილობით მიმართვაზე პასუხი ჯერ არ გაუციათ.