„იმდენჯერ არის ტყუილზე გამოჭერილი პრემიერი, რომ, რა თქმა უნდა, არც ამ შემთხვევაში დაეჯერება“

„იმდენჯერ არის ტყუილზე გამოჭერილი პრემიერი, რომ, რა თქმა უნდა, არც ამ შემთხვევაში დაეჯერება“

დეპუტატი გიორგი კანდელაკი პრემიერ-მინისტრის განცხადებას პასუხობს, რომლის თანახმადაც, დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი ევროკავშირისგან ითხოვენ, რომ საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა არ მიიღოს.

როგორც ბრალდების ადრესატმა „პირWელს“ განუცხადა, პრემიერის ეს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება.

„პირველ რიგში, იმდენჯერ არის ტყუილზე გამოჭერილი ეს ახალგაზრდა, რომელიც სრულიად შეუფერებელია საკუთარი თანამდებობისთვის, ეს მე მგონი თავადაც იცის, რომ რა თქმა უნდა, არც ამ შემთხვევაში დაეჯერება. საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და ამ შემთხვევაში, უვიზო რეჟიმის პერსპექტივას აზიანებს პირველ რიგში არა ის, თუ რას ვილაპარაკებ მე, არამედ ის, რასაც აკეთებს ივანიშვილის მთავრობა. როცა ივანიშვილის მთავრობა და მისი მონები ცდილობენ, რომ გაანადგურონ პროდასავლური მედია საქართველოში, ეს აზიანებს უვიზო რეჟიმის პერსპექტივას. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ჩვენ მხარს ვუჭერთ უვიზო რეჟიმის პერსპექტივას. ეს პროცესი არა მხოლოდ ჩვენ დავიწყეთ, არა მხოლოდ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახვედრა საქართველო ევროპის რუკაზე, არამედ პრინციპული პოლიტიკური გადაწყვეტილება ასოცირებაზეც და უვიზო მიმოსვლაზე, მიღებული იქნა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. მეტიც, ახლა რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობა იყოს, უვიზო რეჟიმი უკვე ძალაში შესული უნდა იყოს, იმდენი დრო დაკარგა ღარიბაშვილის მთავრობამ“, - განაცხადა კანდელაკმა.

კითხვაზე, არის თუ არა იგი მომხრე ამ მთავრობის პირობებში მიიღოს ქვეყანამ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, კანდელაკმა აღნიშნა, რომ ის ამის მომხრეა.

„ამ მთავრობის პირობებშიც მომხრე ვარ იმიტომ, რომ ამას იმსახურებს არა მთავრობა, არამედ ხალხი“, - აღნიშნა კანდელაკმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი ევროკავშირისგან ითხოვენ, რომ საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა არ მიიღოს. როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ განაცხადა, ერვოპარლამენტარებმა ამის გამო გაოცება ვერ დამალეს.

“ერთადაერთი, ვინც ბრიუსელში, ევროპარლამენტში ითხოვდა, რომ საქართველომ უვიზო მიმოსვლა არ მიიღოს, იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი. ჩემს მინისტრებს დაუდასტურეს, რომ გაოცებული ვართო. მათ პირდაპირ უთხრეს, კი მაგრამ, თქვენ საქართველოს მოქალაქეები არ ხართ?! მათ უთქვამთ, რომ ამ მთავრობის პირობებში არ არის სასურველი, რომ ამ მთავრობის პირობებში არ არის აუცილებელი საქართველომ უვიზო მიმოსვლა მიიღოს. ამას რა უნდა დავარქვათ, თუ არა მტრობა ჩვენი ხალხის და ქვეყნის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.