დავით ბაქრაძე პრემიერ-მინისტრის ბრალდებებს პასუხობს

დავით ბაქრაძე პრემიერ-მინისტრის ბრალდებებს პასუხობს

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებს უპასუხა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცალსახად უჭერს მხარს ვიზალიბერალიზაციის პროცესს.

დავით ბაქრაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს უჭერს ვიზალიბერალიზაციის საკითხის უსწრაფესად გადაწყვეტას და ერთადერთი საფრთხე, რომელიც ამ პროცესს ემუქრება, მთავრობის ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოქმედებებია.

„ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უსწრაფეს გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციაზე, ვინაიდან ეს ეკუთვნის ქართველ ხალხს და არანაირად ღარიბაშვილის მთავრობას, მაგრამ უნდა გვესმოდეს, დღეს ვიზალიბერალიზაციას ემუქრება ერთადერთი რეალური საფრთხე და ეს საფრთხე არის მთავრობის მოქმედებები ქვეყნის შიგნით. პირველ რიგში მთავრობის მცდელობა, ხელში ჩაიგდოს „რუსთავი 2“. ეს არის დღეს საფრთხის წყარო და ნებისმიერი მცდელობა, რომ ეს პრობლემა გადააბრალოს ოპოზიციას, არის უბრალოდ ტრაგიკომიკური, რომელიც ალბათ ღირსეულ ადგილს დაიკავებს გადაბრალებების და ტყუილების იმ ძალიან გრძელ ჯაჭვში, რომლითაც ეს ხელისუფლება უკვე მეოთხე წელია კვებავს ჩვენს მოსახლეობას, ნაცვლად გაკეთებული საქმის და შესრულებული დაპირებებისა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსნებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი ევროპაში საქართველოსთვის ძირგამომთხრელ პოლიტიკას აწარმოებენ და ისინი საქართველოს უვიზო მიმოსვლას ეწინააღმდეგებიან.