ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს და საპროკურორო საბჭოს წევრ ეკა ბესელიას, მთავარი პროკურორობის კანდიდატებთან კითხვები აქვს და მათი ხედვები აინტერესებს.
როგორც საპროკურორო საბჭოს სხდომის დაწყებამდე ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის საინტერესოა, როგორ აპირებს თითოეული კანდიდატი პროკურატურის სისტემის რეფორმირების პროცესში საკუთარი ახალი ხედვა განავითაროს.
„კანდიდატთა შორს ორს ვიცნობ, მესამეს გავიცნობ. კითხვები კი სამივე კანდიდატთან მექნება. მაინტერესებს, რა სტრატეგია აქვთ, რა სიახლეები შეუძლიათ შესთავაზონ საბჭოს და შემდეგ პარლამენტს. ეს იქნება მთავარი კითხვები, რომელზე მიღებული ინფორმაციაც გადაწყვეტილების მიღების დროს დამეხმარება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
კითხვაზე, აქვს თუ არა უპირატესობა ირაკლი შოთაძეს, ბესელიამ აღნიშნა, რომ ეს საბოლოოდ კენჭისყრის დღეს გამოჩნდება.
„უპირატესობა საბოლოოდ კენჭისყრის დროს გამოჩნდება, თუმცა მას საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, ის ადრეც მუშაობდა ამ სისტემაში და ბოლო პერიოდი პროკურატურის საქმიანობასთან ყველაზე მეტადაა დაკავშირებული“, - აღნიშნა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორის კანდიდატებს მოუსმენს, რის შემდეგაც ფარული კენჭისყრის წესით არჩევნები გაიმართება. სხდომა იუსტიციის სამინისტროში ამ წუთებში მიმდინარეობს.