„ვერ დავეთანხმები წულუკიანს იმაში, რომ რადგან პროკურატურაში არ მიმუშავია ეს ჩემი მინუსია“

„ვერ დავეთანხმები წულუკიანს იმაში, რომ რადგან პროკურატურაში არ მიმუშავია ეს ჩემი მინუსია“

მთავარი პროკურორობის კანდიდატის ვლადიმერ გაბრიჩიძის განცხადებით, პროკურატურის სისტემაში ყველაფერი შესაცვლელია გარდა იმ თანამშრომლებისა, რომლებიც იქ მუშაობენ.

გაბრიჩიძეს მიაჩნია, რომ ამ კონტიგენტით ყველაფრის გაკეთება შეიძლება, უბრალოდ ამას კარგი ორგანიზება უნდა.

მთავარი პროკურორობის კანდიდატი არ ეთანხმება თეა წულუკიანს იმაში, რომ გაბრიჩიძის მინუსი არის ის, რომ პროკურატურაში არ უმუშავია.

"ვერ დავეთანხმები წულუკიანს, რომ ჩემი მინუსია ის, რომ პროკურატურაში არ მიმუშავია, ვინაიდან 20 წლის განმავლობაში შეხება მქონდა პროკურატურასთან, ვიცი როგორ მიმდინარეობს საქმეების გამოძიება და სასამართლო საქმეების წარმოება. მიმაჩნია, რომ ამ მხრივ ყველაფერი გამოსასწორებელია“, - აღნიშნა ვლადიმერ გაბრიძიჩემ.

მთავარი პროკურორობის კანდიდატი ცალსახად ვერ იტყვის, რომ ირაკლი შოთაძეს უპირატესობა აქვს.

„ის ამ სისტემის ნაწილია და ამ მხრივ გარკვეული უპირატესობა აქვს, მაგრამ ის, რომ ეს გადაწყვეტილი ამბავია, ასე ნამდვილად არ არის“, - აღნიშნა ვლადიმერ გაბრიჩიძემ.

საპროკურორო საბჭოს ფორმატში ამ წუთებში მთავარი პროკურორობის სამივე კანდიდატთან გასაუბრება მიმდინარეობს, რის შემდეგაც ფარული კენჭისყრის წესით, არჩევნები გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანმა მთავარი პროკურორის კანდიდატებად ვლადიმერ გაბრიჩიძე, ნანა რევაზიშვილი და ირაკლი შოთაძე წარადგინა.